VOLVO-ს საერთაშორისო კონკურსში Vista Competition 2024-ში „ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსმა გიორგი ბეგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიაგნოსტირება და პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრა – ეს იყო დავალება, რომელსაც მექანიკოსმა საქართველოდან თავი წარმატებით გაართვა. გიორგისთან ერთად, გუნდში “ვოლვო ქარ აზერბაიჯანის“ მექანიკოსი რაუფ ხალილოვი იყო. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა „ვოლვო კავკასიის“ წარმომადგენელი სანდრო დოინიცინი.
Vista Competition-ს „ვოლვო ქარსი“ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს მექანიკოსებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.
გიორგი ბეგიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსი: „ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება. ეს ჯილდო ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე და ჩემი შრომა, ცოდნა კიდევ უფრო დაფასდა. თავად კონკურსი საკმაოდ მასშტაბურია და სიმულაციური დავალებაც რთული და კომპლექსური იყო. შესაბამისად, სიზუსტესა და დაკვირვებას მოითხოვდა. უნდა გვეპოვა პრობლემა, აღმოგვეჩინა ავტომობილის დაზიანებული უბნები. მხოლოდ ერთი ხარვეზის იდენტიფიცირება საკმარისი არ იყო, პრობლემა კომპლექსურად უნდა გაგვერკვია. დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტრესის მიუხედავად, დავალებას თავი წარმატებით გავართვით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებშიც შევძელით, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა“.
Vista Competition-ის პირველი, შესარჩევი ეტაპი, ონლაინ ჩატარდა და სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო გუნდები შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რეგიონის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 30 ქვეყნიდან 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში მხოლოდ ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა.