ცივი ამინდები და ანტიფრიზის როლი ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებაში

21 ნოემბერი, 2025
ცივი ამინდები და ანტიფრიზის როლი ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებაში
2 წუთი წასაკითხად

სეზონების ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის მოვლის წესები იცვლება. მაგალითად, როგორც კი ტემპერატურა ეცემა და ტენიანობა იმატებს, მძღოლებისთვის პრიორიტეტი ხდება სწორი საბურავები, ხილვადობის გაუმჯობესება, აკუმულატორის დაცვა.

ეს კომპონენტები არა მხოლოდ ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას, არამედ უსაფრთხოებაზეც. თუმცა, მათთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ზოგიერთი მძღოლი უყურადღებოდ ტოვებს - გამაგრილებელი სითხე, იგივე ანტიფრიზი.

blog image

რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზი

ანტიფრიზი საოპერაციო სითხეა, რომელიც ძრავას, უფრო კონკრეტულად კი მის გაგრილების სისტემას, გაყინვის, გადახურებისა და კოროზიისგან იცავს. მაგალითად:

  • როცა მუშაობისას ძრავის ტემპერატურა იმატებს, ანტიფრიზი ამ ცვლილებას აბალანსებს

  • დაბალ ტემპერატურაზე კი სითხეს გაყინვის საშუალებას არ აძლევს და დაზიანებისგან იცავს


რა უნდა იცოდეთ ანტიფრიზის ტიპებზე

ანტიფრიზი ქიმიური შემადგენლობისა და დანამატის ტიპის მიხედვით იყოფა. მაგალითად:

  • IAT (Inorganic Additive Technology) ტიპი მწვანე ან ლურჯია - ის ტრადიციული ანტიფრიზია ძველი მოდელებისთვის და ხანმოკლე, 2 წლამდე, ვადით იცავს

  • OAT (Organic Acid Technology) ტიპი წითელი ან ვარდისფერია - ის თანამედროვე მოდელებზე გამოიყენება, ორგანული დანამატები აქვს და კოროზიისგან უკეთ იცავს

  • HOAT (Hybrid Organic Acid Technology) ტიპი იასამნისფერი ან ყვითელია - შერეული ტექნოლოგიაა, რომელიც მრავალმხრივ დაცვას უზრუნველყოფს და ახალ მოდელებს შეესაბამება

blog image

ამ ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ტიპების გარდა, ანტიფრიზის კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს:

  • Si-OAT (Silicated OAT) ტიპი იასამნისფერი ან ლურჯია - ევროპული ბრენდებისთვის განკუთვნილი ახალი თაობის სითხეა

  • P-OAT (Phosphated OAT) ტიპი ვარდისფერი ან ცისფერია - ძირითადად იაპონური ან კორეული ბრენდებისთვის გამოიყენება

  • Lobrid (Low Hybrid) ცისფერი ან იისფერია - თანამედროვე ევროპული სტანდარტებისაა და ეკოლოგიურად უსაფრთხო


ანტიფრიზის არჩევისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ავტომობილის სახელმძღვანელოს, სადაც მწარმოებელს სპეციფიკა აქვს მითითებული. მაგალითად, ევროპული სტანდარტის კლასიფიკაცია G სერიით იქნება განსაზღვრული: G11 ნიშნავს, რომ IAT ტიპის ანტიფრიზი გჭირდებათ, ხოლო G12, G12+, G12++ კი OAT და HOAT ტიპის სითხეებზე მიუთითებს.

 

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ანტიფრიზები იყიდება მზა და კონცენტრატის სახით. პირველი უკვე შერეულია დისტილირებულ წყალთან, მეორე კი აუცილებლად სწორად გასაზავებელია. შეცდომის თავიდან არიდების მიზნით, დასახმარებლად სერვისცენტრს მიმართეთ.

blog image

როგორ უნდა გააკონტროლოთ ანტიფრიზის შეცვლის დრო

ანტიფრიზის ყველა ტიპს თავისი ვარგისობის ვადა აქვს, 2-იდან 7 წლამდე. მაგრამ ვადის გასვლამდეც მნიშვნელოვანია, სითხის დონე აკონტროლოთ.

  • ანტიფრიზის შეცვლა, ტიპის მიხედვით, 2-იდან 5 წლამდე პერიოდშია რეკომენდებული. არსებობს სპეციალური აპარატები, რომლებითაც მისი შემოწმებაა შესაძლებელი.

  • თუ ზედაპირზე ზეთის ან ქაფის კვალი ჩანს, ეს დაზიანების ნიშანია და სერვისცენტრს უნდა მიმართოთ


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ანტიფრიზის შეცვლისას უნდა გაითვალისწინოთ - არასდროს აურიოთ სხვადასხვა ტიპი, რადგან შეიძლება ქიმიური რეაქცია გამოიწვიოს და სისტემა დააზიანოს.


მაშ ასე, ძირითადი ინფორმაცია უკვე გაქვთ. თუ ცივ ამინდებს მომზადებული შეხვდებით და ანტიფრიზს შესაბამისად შეარჩევთ, ძრავას გაყინვისგან დაიცავთ, რადიატორს კი - კოროზიისგან.