ავტომობილის მინასაწმენდები, ერთი შეხედვით, არც ისე მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა პირიქითაა - ისინი ხილვადობასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
ზამთარი მინის საწმენდებისთვის რთული სეზონია. ყინვა, გზაზე დაყრილი ქიმიკატები და მარილი რეზინს აშრობს. გაყინულ მინაზე მუშაობა კი დაზიანების რისკებს ზრდის.
თუ საქარე მინაზე ხედავთ ზოლებს, გესმით რეზინის ხმაური ან ხილვადობა არ გივარგათ, ე.ი. რაღაც რიგზე არ არის. ამ ბლოგში აგიხსნით, როგორ უნდა შეცვალოთ მინის საწმენდები დამოუკიდებლად.
6 ნაბიჯი მინასაწმენდების შესაცვლელად
მინის საწმენდების შეცვლა მარტივი პროცედურაა, რისთვისაც სპეციალური ხელსაწყოები არ დაგჭირდებათ:
გაწმინდეთ საქარე მინა და დააფარეთ ქსოვილი, რომ პროცესში არ დაგიზიანდეთ.
ფრთხილად წამოსწიეთ მინასაწმენდები ისე, რომ მინას არ ეხებოდეს.
მოძებნეთ და გახსენით საწმენდის საკეტი - ის უმეტეს შემთხვევაში კაუჭის ფორმისაა, ან ღილაკი აქვს.
წინასწარ შეარჩიეთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ზომის ახალი მინასაწმენდები.
იგივე სამაგრებში დაამაგრეთ ახალი საწმენდები და დააკვირდით, რომ კარგად იყოს დაფიქსირებული (უნდა გაიგოთ დაწკაპუნების ხმა).
ფრთხილად დააბრუნეთ საწმენდები მინაზე და შეამოწმეთ.
რა ტიპის მინასაწმენდი სითხეები არსებობს
საქარე მინის საწმენდი სითხის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: უსაფრთხოება, ეფექტიანობა, ეკონომიურობა და ტემპერატურული გამძლეობა. არსებობს შემდეგი ტიპის სითხეები:
● ზაფხულის - უკეთ უმკლავდება მწერებს, ცხიმიან ლაქებს
● ზამთრის - შეიცავს ანტიფრიზულ კომპონენტებს და სიცივეში არ იყინება
● კონცენტრატი - წყალში გასაზავებელია შესაბამისი დოზებით
● ყველა სეზონზე მორგებული - არ მოგიწევთ პერიოდულად ცვლა
● ბიოსითხეები - ნაკლებად აგრესიული ქიმიური შემცველობა აქვს
გაითვალისწინეთ, რომ კარგ სითხეს უნდა შეეძლოს მტვრის, მწერების ნარჩენების, ცხიმისა და ქიმიკატების მოშორება, მწერების საწინააღმდეგო სითხეს კი - ნარჩენებში არსებული ცილოვანი და ცხიმოვანი მასის ისე დაშლა, რომ მინაზე კვალი არ დარჩეს.
შეცდომები, რომლებიც მინასაწმენდი სითხის შერჩევისას არ უნდა დაუშვათ
თუ ფიქრობთ, რომ მინის გაწმენდას ამდენი დეტალის ცოდნა არ სჭირდება, ცდებით. სწორედ მსგავსი მიდგომა იწვევს ფართოდ გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც შემდეგ ძვირად ღირებულ ხარჯებში გადაითარგმნება. მაგალითად:
მინის საწმენდი სითხე უბრალოდ წყალი არ არის - თუ ზამთარში სწორი სითხის ნაცვლად წყალს გამოიყენებთ, შესაძლოა, გაიყინოს და ავზი, მილები ან ტუმბო დააზიანოს.
ამიაკის შემცველმა სითხეებმა შესაძლოა, მინაზე ლაქები დატოვოს და ხილვადობა გაართულოს, ან რეზინები დააზიანოს, თან მძაფრი სუნი აქვს, რომელიც სალონში აღწევს.
თანხის დაზოგვის მიზნით უხარისხო სითხეს ნუ შეიძენთ - სწორი სითხის გამოყენებამ შესაძლოა, შეამციროს ხშირი გაწმენდისა და მოვლის საჭიროება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დროსა და ფულს დაგიზოგავთ.
სხვადასხვა ტიპის სითხეების, მაგალითად, ზამთრისა და ზაფხულის ტიპების ერთმანეთში არევა სასურველ შედეგს არ მოგცემთ.
გახსოვდეთ, საქარე მინის საწმენდები და სითხე ავტომობილის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ხილვადობაზე.