როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავტომობილი თოვლში გაიჭედა

23 დეკემბერი, 2025
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავტომობილი თოვლში გაიჭედა
2 წუთი წასაკითხად

ზამთარი მძღოლებისთვის გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. იწყება მზადება ტემპერატურის ვარდნის, წვიმებისა და თოვლისთვის, რაც სეზონური საბურავების დაყენებას, ანტიფრიზისა და სხვა სითხეების შეცვლა-შემოწმებას გულისხმობს. 

 

თუმცა ისეც ხდება, რომ ზამთრისთვის კარგად მომზადებულ მძღოლებსაც ექმნებათ პრობლემები, განსაკუთრებით დიდთოვლობის დროს, როცა სრულიად შემთხვევით ავტომობილი თოვლში იჭედება. 

როგორ უნდა მოემზადოთ თოვლიან გზაზე მგზავრობამდე

კარგი იქნება, თუ ზამთრის კურორტებზე ან თოვლიან გზებზე წასვლისას ავტომობილში რამდენიმე ნივთი გექნებათ:


  • უსაფრთხოების მანიშნებელი (სამკუთხედი) - რათა გაჭედილი ავტომობილის შესახებ სხვა მძღოლებს აცნობოთ და ავარიული სიტუაცია აირიდოთ

  • ნიჩაბი - ბორბლის თოვლისგან გასაწმენდად

  • მუყაო - მოჭიდებისთვის მყარი ზედაპირის შესაქმნელად

  • მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები - პასუხისმგებლობიან მძღოლს თოვლიან გზაზე წასვლისას ის თან უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში საქართველოში, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე, ზამთრის საბურავებითა და ჯაჭვებით გადაადგილება სავალდებულოა

  • პლედები და თბილი ტანსაცმელი - სიცივეს რომ გაუმკლავდეთ

blog image

5 ნაბიჯი ავტომობილის თოვლიდან გამოსაყვანად

თოვლში ჩაფლული მძღოლები უშვებენ შეცდომას და აქსელერაციის პედალზე ინტენსიური დაწოლით ცდილობენ, ბორბლები თოვლისგან გაათავისუფლონ. თუმცა, შედეგად, ავტომობილი უფრო მეტად ეფლობა თოვლში. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და რამდენიმე ნაბიჯით სცადოთ გზაზე დაბრუნება.


  1. გამორთეთ TCS სისტემა - შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თოვლში ჩაფლულ მანქანას ხშირად ეხმარება TCS-ის რამდენიმე წამით გამორთვა, რაც ბორბალს მოჭიდების ძებნის საშუალებას უზრდის, ეხმარება ტრაექტორიის შექმნასა და დაძვრაში. თუმცა, როგორც კი თოვლიდან გამოხვალთ, მაშინვე ჩართეთ, რომ გზა მოყინული არ იყოს და არ მოცურდეთ. თუ ვერ გახვედით, სხვა რამ უნდა სცადოთ

  2. ბორბლები თოვლისგან გაწმინდეთ - გამოუთავისუფლეთ სივრცე, დაახლოებით 20-30 სმ, რომ საბურავი მიწას ან რაიმე მყარ ზედაპირს ეხებოდეს. სცადეთ დაძვრა, თუ გაგიმართლათ და სრულად გათავისუფლდა, წასვლას შეძლებთ. თუ არა, შემდეგ ნაბიჯზე უნდა გადახვიდეთ

  3. გაზზე მსუბუქი დაწოლით ავტომობილი რბილად ამოძრავეთ წინ და უკან - ეს რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. როცა იგრძნობთ, რომ ავტომობილი გაჭედილი აღარ არის, გამოსვლა სცადეთ

  4. მყარი ზედაპირი საბურავისთვის - საბურავს რამე უნდა ამოუდოთ, რომ მეტი მოჭიდება ჰქონდეს და მარტივად დაიძრას. თუ მუყაო არ გაქვთ, ახლომახლო შეგიძლიათ, ხის ნაჭრები მოიძიოთ, ან ავტომობილის ხალიჩები დაიხმაროთ

  5. გამოიყენეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები - თუ წინა ვერსიებმა არ იმუშავა, საბურავები ჯაჭვებით აღჭურვეთ. როცა თოვლი ღრმაა, ეს საუკეთესო გამოსავალია

blog image

ვიმედოვნებთ, ეს მარტივი ნაბიჯები ავტომობილის თოვლიდან გამოყვანაში დაგეხმარებათ, თუმცა, თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, გაითვალისწინეთ ის, რაც დასაწყისშივე ვთქვით, არ ინერვიულოთ - ახლომყოფ მძღოლებსა და გამვლელებს სთხოვეთ, ავტომობილის თოვლიდან გამოყვანაში დაგეხმარონ ან ევაკუატორი გამოიძახეთ. სანამ მათ მოსვლას ელოდებით, გამონაბოლქვის მილი თოვლისგან გაათავისუფლეთ, რომ ის სალონში არ დაგროვდეს და ინტოქსიკაციის საფრთხე არ შექმნას.