როგორ უნდა იმგზავროთ მთიან და თოვლიან გზებზე უსაფრთხოდ

15 დეკემბერი, 2025
როგორ უნდა იმგზავროთ მთიან და თოვლიან გზებზე უსაფრთხოდ
2 წუთი წასაკითხად

ახალი წელი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსახურებულ დასვენების დღეებს ელოდებით. ამავდროულად, ნიშნავს იმასაც, რომ საცობებით დატვირთულ ან თოვლიან გზებზე მოგიწევთ მგზავრობა, ეს კი შესაბამის მზაობას მოითხოვს. 

 

თუ სათხილამურო კურორტებისკენ გაქვთ გეზი, მაღალმთიან სოფლებში მიეშურებით ან უბრალოდ თოვლიან და სველ გზაზე გიწევთ მგზავრობა, ამ ბლოგში თქვენთვის საჭირო ინფორმაციას იპოვით. გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გადააგოროთ ზამთარი უსაფრთხოდ.

blog image

რა უნდა შეამოწმოთ მგზავრობის დაწყებამდე

არსებობს რამდენიმე დაუწერელი წესი და დაწერილი კანონიც, რომლებიც გკარნახობთ, რა სჭირდება თქვენს ავტომობილს ზამთარში და რა უნდა გაითვალისწინოთ შორ გზაზე მგზავრობის წინ. 

 

  • დაწრმუნდით, რომ თქვენს ავტომობილს ზამთრის საბურავები აქვს - იმის პარალელურად, რომ ეს უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ზამთრის საბურავების გამოყენება სწორედ ის ნაწილია, რომელსაც კანონი არეგულირებს. 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში საქართველოში გზის ზოგიერთ მონაკვეთზე გადაადგილებისას ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულოა. თუკი მეტეოროლოგიური სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა, ეს პერიოდი გაიზარდოს

  • გახსოვდეთ, რომ ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი მცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.

  • დარწმუნდით, რომ საბურავების პროტექტორი საკმარისი სიღრმისაა, ფიფქის სიმბოლო და გამოშვების თარიღი ჩანს (საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული), ჯაჭვები კი ქარხნული წარმოებისაა

  • მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ სითხეების, განსაკუთრებით ანტიფრიზის მდგომარეობა და დონე, რომ ყინვასა და თოვლს მომზადებული შეხვდეთ. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს აყენებს

  • არ დაგავიწყდეთ აკუმულატორის შემოწმებაც - ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და სიმძლავრე მცირდება. ამიტომ, სასურველია მისი მდგომარეობა სერვისცენტრში გადაამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ

  • რა თქმა უნდა, ავტომობილის ზოგადი გამართული მდგომარეობაც აუცილებელია, რაც ნიშნავს, რომ ძრავა, ფარები, მინის საწმენდები და სხვა დეტალები დაძველებული ან დაზიანებული არ უნდა იყოს

blog image

რა უნდა გაითვალისწინოთ თოვლიან გზაზე მოძრაობისას 

როცა მაღალმთიანი რეგიონებისკენ გზას დაადგებით, მით უმეტეს მაშინ, თუ თოვლია, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ. 

  • შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და გზებზე არსებული მდგომარეობა - ხშირად დიდთოვლობის გამო გზები იკეტება

  • არ მოუმატოთ სიჩქარეს მოულოდნელად, შეინარჩუნეთ სტაბილური მაჩვენებელი, რათა მოსრიალებისა და ავარიული სიტუაციის რისკი შეამციროთ

  • ვინაიდან სველ, თოვლიან და მოყინულ გზებზე დამუხრუჭება რთულდება, მნიშვნელოვანია, რომ წინ მიმავალ ავტომობილთან დისტანცია სტანდარტულზე მეტი იყოს, მაგალითად, 2-3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე მშრალ გზაზე

  • თუ მანქანა მოსრიალდება, მოერიდეთ ძლიერად დამუხრუჭებას და სცადეთ, მსუბუქად მოატრიალოთ საჭე, რათა სწორ პოზიციას დაუბრუნდეთ

  • ზოგადად, სასურველია, საჭე და მუხრუჭი მსუბუქად და თანაბრად გამოიყენოთ


გამგზავრებამდე ავტომობილი სერვისცენტრში შეამოწმებინეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ტექნიკურად გამართულია და თქვენს უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს. გახსოვდეთ, ავტომობილის გამართულ მდგომარეობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით იყოთ და მოძრაობის წესები არ დაარღვიოთ. 

blog image