წლების განმავლობაში ავტოსერვისის პრინციპი საკმაოდ მარტივი იყო - მძღოლი სერვისცენტრს მაშინ აკითხავდა, როდესაც პრობლემა უკვე არსებობდა.
დღეს ეს მიდგომა თანდათან იცვლება.
AI-სა და მონაცემთა ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი შეფასება და ისეთი ცვლილებების აღმოჩენა, რომლებიც მომავალში გაუმართაობად შეიძლება გადაიქცეს. შედეგად, მძღოლი გაფრთხილებას პრობლემის წარმოშობამდე იღებს, რაც მოულოდნელი დაზიანებებისა და შეკეთების ხარჯის ზრდის რისკს ამცირებს.

სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაზე Change Inspire 2026, სადაც კომპანია „ცვლილებების კატალიზატორის“ პარტნიორის სტატუსით მონაწილეობდა.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა ნიკა კოხოძემ პროგნოზირებად ავტოსერვისზე ისაუბრა - მოდელზე, სადაც მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექნიკური საჭიროებები პრობლემის წარმოშობამდე გამოვლინდება, რაც გაუთვალისწინებელი დაზიანებებისა და დამატებითი ხარჯების რისკს ამცირებს.
„ავტოსერვისი მხოლოდ პრობლემაზე რეაგირებით აღარ შემოიფარგლება. მონაცემები და AI გვაძლევს შესაძლებლობას, ავტომობილების ტექნიკური საჭიროებები მანამ დავინახოთ, სანამ ისინი პრობლემად იქცევა. სწორედ ასეთ მიდგომაზე შენდება უფრო ეფექტიანი მომსახურება და მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება. ამ ხედვის პრაქტიკაში გადმოტანაზე „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს, რადგან გვჯერა, რომ ავტოსერვისის მომავალი სწორედ პროგნოზირებად და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებზეა აგებული“, - აღნიშნავს ნიკა კოხოძე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა კი საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ცვლის AI ავტომობილის ფლობის გამოცდილებას და როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება უფრო სწრაფი, ეფექტიანი და მომხმარებელზე მორგებული სერვისის შესაქმნელად.
„ხელოვნური ინტელექტი ავტომობილების ინდუსტრიაში აღარ არის მომავლის კონცეფცია - ის უკვე ცვლის როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე სერვისის მიწოდების მოდელს. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ყოველდღიურ მომსახურებაში ისე დავნერგოთ, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, პროგნოზირებადი და კომფორტული გახდეს“, - ამბობს ბექა ციცქიშვილი.
თანამედროვე ავტომობილები უამრავ ინფორმაციას აგროვებს, იქნება ეს ძრავის მუშაობის პარამეტრები, აკუმულატორის მდგომარეობა, საბურავების წნევა, მუხრუჭების ცვეთის მაჩვენებელი თუ საწვავის ან ელექტროენერგიის მოხმარება. ხელოვნური ინტელექტი სწორედ ამ მონაცემების ანალიზით სწავლობს ავტომობილის ქცევას და დროთა განმავლობაში უფრო ზუსტ პროგნოზებს აკეთებს.
თუმცა AI მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს არ აუმჯობესებს.
თანამედროვე ციფრული სისტემები მომხმარებლის ისტორიას, ავტომობილის მონაცემებსა და მომსახურების წინა გამოცდილებას აერთიანებს. მისი გამოყენებით კი ინდივიდუალური რეკომენდაციების მომზადება, ტექნიკური მომსახურების ოპტიმალური დროის განსაზღვრა, მომსახურების პროცესის დაჩქარება და მომხმარებელთან უფრო ეფექტიანი კომუნიკაცია ხდება შესაძლებელი.
საბოლოოდ, ავტომობილის მფლობელი ნაკლებ დროს ხარჯავს სერვისზე და უფრო პროგნოზირებად გამოცდილებას იღებს.
მსოფლიოს წამყვანი კომპანიები უკვე ქმნიან ისეთ ეკოსისტემებს, სადაც მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული სერვისები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მათ არც „თეგეტა“ ჩამორჩება, რომლისთვისაც ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
ამ ცვლილებების მიზანი კი მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი არ არის. საბოლოო შედეგი ავტომობილის თითოეული მფლობელისთვის უფრო უსაფრთხო, კომფორტული, სწრაფი და პერსონალიზებული გამოცდილებაა.