როგორ შევცვალოთ ავტომობილის ფილტრები

08 ივლისი, 2025
როგორ შევცვალოთ ავტომობილის ფილტრები
3 წუთი წასაკითხად

უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ავტომობილის ყველა დეტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ შორის არის ფილტრები - როგორც საწვავისა და ზეთის, ისე ჰაერისა და სალონის.   


რატომ უნდა შევცვალოთ ფილტრები 


ფილტრების შეცვლის აუცილებლობა უსარგებლო რჩევად რომ არ მიიჩნიოთ, უნდა იცოდეთ, რა ფუნქცია აქვს მათ.  

  • საწვავის ფილტრი ძრავაში შემავალ საწვავს მექანიკური ნარჩენებისგან წმენდს, შესაბამისად, დაზიანებისგან იცავს.  

  • ზეთის ფილტრის სისუფთავეც ძრავაზე ახდენს გავლენას, რადგან იქ შემავალ ზეთს წმენდს, რომელიც ხახუნის შემცირებასა და ცვეთაზეა პასუხისმგებელი. 

  • ჰაერის ფილტრი ძრავაში შემავალი ჰაერის გასაწმენდად არის საჭირო, რათა მტვრითა და ქვიშით არ დაბინძურდეს. ბინძური ჰაერი აფერხებს წვის პროცესს და ძრავა ნაკლებად ეფექტიანია. 

  • სალონის ფილტრი ავტომობილში შემავალ ჰაერსა და თქვენს ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ის ამცირებს მტვერს, ალერგენებს და უზრუნველყოფს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. 


ფილტრების შეცვლა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ძველმა და ბინძურმა ფილტრებმა კი შეიძლება ძრავის ან სხვა სისტემის დაზიანება გამოიწვიოს, ეს კი საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურებია.  

blog image

რა პროცედურებია საჭირო ფილტრების შესაცვლელად 

პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, თუ სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ გაქვთ, საქმე პროფესიონალს მიანდვეთ. აუცილებელია უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლო რისკების გათვალისწინება, შესაბამისი ხელსაწყოებისა და ხელთათმანების ქონა.  

ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრის გამოცვლა შედარებით მარტივია და 10-15 წუთიც საკმარისია. ზეთისა და საწვავის ფილტრის გამოცვლას კი მეტი დრო და ცოდნა სჭირდება, ეს საკითხი მექანიკოსს ან სერვისცენტრს ანდვეთ. 

 

საწვავის ფილტრის მდებარეობა დამოკიდებულია მანქანის მოდელზე. ის შეიძლება იყოს საწვავის ავზთან. საწვავის სისტემა წნევაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეს პროცედურა გამოცდილმა მექანიკოსმა უნდა გაიაროს.  


ზეთის ფილტრის შესაცვლელად, ახალი ფილტრის გარდა, საჭიროა ახალი ზეთი და ავზი ან კონტეინერი ძველის გადმოსასხმელად. ის უმეტესად ძრავის ქვემოთ, ზეთის ავზთან მდებარეობს. ძრავა აუცილებლად გაციებული უნდა იყოს და მანქანა დომკრატით წამოწეული, ან სპეციალურ ორმოზე შემდგარი. ამასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება.  

  • საჭიროა ყუთის გახსნა და ავზში ძველი ზეთის გადმოღვრა; 

  • ძველი ფილტრის მოხსნა; 

  • ახალ ფილტრს მცირედით ახალი ზეთი უნდა წაუსვათ და მყარად დაამაგროთ;  

  • დასასრულ, საჭიროა ახალი ზეთის ჩასხმა და დონის შემოწმება.  


ჰაერის ფილტრი ძრავის განყოფილებაში, შავ ყუთშია მოთავსებული, რომელიც შეიძლება სპეციალური მომჭერებით ან ხრახნებით იყოს დამაგრებული.  

  • გახსნისა და ძველი ფილტრის ამოღების შემდეგ ყუთი უნდა გაიწმინდოს; 

  • მნიშვნელოვანია, ახალი ფილტრი იმავე მიმართულებით დამაგრდეს, რომელი მიმართულებითაც ძველი იყო დამაგრებული; 

  • ყუთი უნდა დაიხუროს და დამაგრდეს.  

blog image

სალონის ფილტრი კაპოტის ქვეშ, წინა სავარძლებთან ან სანივთე უჯრის ქვევით მდებარეობს. შესაძლოა, ის ხუფით ან დამჭერით იყოს მიმაგრებული. 
 

  • სათავსი უნდა გაიხსნას, დაიხაროს ან ბოლომდე მოიხსნას;  

  • საჭიროა ფილტრის ყუთიდან ფრთხილად ამოღება;  

  • შემდეგ სალონის ფილტრის კორპუსის გასუფთავება და შესაბამისი მიმართულებით ახლის ჩასმა და მორგება.  


თუ გსურთ, ხარისხიანი და საიმედო ფილტრები გქონდეთ, Hengst-ის ბრენდით ისარგებლეთ, რომელიც OE (Original Equipment) ხარისხით არის ცნობილი, რაც ნიშნავს, რომ მათი ფილტრები ავტომწარმოებლის მოთხოვნებს ემთხვევა. Hengst ინოვაციურ მასალებსა და დიზაინს იყენებს, რაც ფილტრაციის ეფექტიანობასა და ფილტრების გამძლეობას აუმჯობესებს, შედეგად უზრუნველყოფილია ჰაერისა და ძრავის სისტემის სისუფთავე და საწვავის ხარჯი მცირდება.  


ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლა ზეთის შეცვლასთან ერთად არის რეკომენდებული. თქვენი ავტომობილის საჭიროებაზე, ისევე, როგორც ფილტრების განლაგებაზე, ზუსტ ინფორმაციას მწარმოებლის სახელმძღვანელოში ნახავთ. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რა პირობებში მოძრაობთ მანქანით და რამდენად იზრდება ფილტრების უფრო სწრაფად დაბინძურების შანსი. ამაში, ისევე, როგორც ფილტრების შეცვლაში, მექანიკოსი დაგეხმარებათ.