პასუხისმგებლობიან მძღოლებს საზრუნავი არასდროს ელევათ. განსაკუთრებით ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით გამოხატულ სეზონებზე. დღეს ერთ-ერთ ასეთ სისტემას განვიხილავთ - სამუხრუჭე ხუნდებს.
როგორ დავიცვათ დამუხრუჭების ეფექტიანობა მაღალი ტემპერატურის ფონზე?
ზაფხულში ხუნდებზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი ტემპერატურა, მტვერი და ინტენსიური გამოყენება ცვეთას აჩქარებს და ეფექტიანობას ამცირებს. ასევე, სიცხემ და ხახუნის კომბინაციამ შესაძლოა, სამუხრუჭე სითხის ტემპერატურა ნორმალურზე მაღლა ასწიოს.

ეფექტიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა როგორც მართვის ჩვევებზე დაკვირვება, ისე ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა:
დააკვირდით ხმებსა და სუნს
შეამოწმეთ სამუხრუჭე სითხე, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს და რომლის თვისებებსაც მაღალი ტემპერატურა აქვეითებს — თუ სითხე 2 წელზე მეტი ხნისაა, დონე დაწეულია ან ფერი აქვს შეცვლილი, შეცვლის დროა
საჭიროების გარეშე ნუ გადატვირთავთ მანქანას, ზედმეტი მასა მუხრუჭებზე დატვირთვას ზრდის, განსაკუთრებით სიცხეში
გაითვალისწინეთ, აგრესიული მართვის სტილმა, ხშირმა დამუხრუჭებამ, ტექნიკური მომსახურების უგულებელყოფამ რამდენიმე სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, რომლებიც არა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე, არამედ თქვენს უსაფრთხოებაზეც აისახება. მაგალითად, დამუხრუჭების გართულება, საავარიო სიტუაციის რისკი და დისკების დაზიანება.

როდის უნდა შევცვალოთ სამუხრუჭე ხუნდები?
შეცვლის დრო დამოკიდებულია ცვეთაზე, გამოყენების პირობებსა და ხარისხზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე ძირითადი ნიშანი და რეკომენდაცია, რითაც უნდა იხელმძღვანელოთ:
თუ წუილი, ჭრიალი, სხვა ტიპის ხმაური გესმით ან დამწვრის სუნს გრძნობთ
როცა მართვისას ვიბრაციას იგრძნობთ
როცა დამუხრუჭების მანძილი იზრდება
მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად, სასურველია, ხუნდები შეიცვალოს, საშუალოდ, ყოველ 30-50 ათას კილომეტრზე, დატვირთული მოძრაობისას კი - 15-20 ათას კილომეტრზე
გაითვალისწინეთ, თუ თავად ვერ ახერხებთ მოვლასა და კონტროლს, მიმართეთ სერვისცენტრს, რათა მექანიკოსმა ხუნდების რესურსი და სითბოსადმი გამძლეობა შეამოწმოს.