როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზაფხულში

30 მაისი, 2025
როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზაფხულში
3 წუთი წასაკითხად

ზაფხული სითბოს, დასვენებისა და მოგზაურობის სეზონია. თუმცა პასუხისმგებლობიანი მძღოლისთვის ის ავტომობილზე ზრუნვის პერიოდიც უნდა იყოს. მაღალი ტემპერატურა, მტვერი და ხშირი გადაადგილება მასზე არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ვიზუალურადაც აისახება. სწორედ ამიტომ ავტომობილზე შესაბამისი ზრუნვის გარეშე, კომფორტული მოგზაურობის ნაცვლად, შესაძლოა, გზაში პრობლემები შეგექმნათ.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენს ავტომობილს ზაფხულის სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანს და თავიდან აგარიდებთ არასაჭირო ხარჯებს.

ზამთრის საბურავები ზაფხულში? არ გარისკოთ!

პირველი, რაც ზაფხულისთვის მანქანის მომზადებაზე გვახსენდება — საბურავებია. ბევრმა მძღოლმა შესაძლოა, იფიქროს, რომ ზამთრის საბურავებით გადაადგილება პრობლემა არ არის, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა.


საფრთხეები, რაც სეზონისთვის შეუსაბამო საბურავით გადაადგილებას მოჰყვება:

  • ჰაერის წნევის ცვლილება (ზრდა ან კლება)

  • საბურავის სწრაფი ცვეთა

  • დამუხრუჭების პრობლემები

  • საწვავის ხარჯის ზრდა


მნიშვნელოვანია ზაფხულისთვის სპეციალურად დამზადებული საბურავების გამოყენება. მსოფლიოში აღიარებული ბრენდი Bridgestone გთავაზობთ საბურავებს, რომლებიც გამოირჩევა:

  • მაღალ ტემპერატურაზე კარგი მოჭიდებით

  • Run-Flat ტექნოლოგიით — დაზიანების შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ გზის გაგრძელება სერვისამდე (გარკვეულ მოდელებში)

  • ხანგრძლივი ექსპლუატაციითა და საწვავის ეკონომიით

blog image

გაგრილება — შენთვის და ავტომობილისთვის

ზაფხულის ცხელ დღეებში კომფორტულად გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია კონდიცირების სისტემის გამართული მუშაობა. თუ მოწყობილობა ხმებს გამოსცემს, არ აქვს საკმარისი ჰაერის ნაკადი ან სალონში იგრძნობა სპეციფიკური სუნი, პრობლემა მალევე უნდა მოვაგვაროთ. ხშირად ამისთვის მხოლოდ ფილტრების გამოცვლაც კი საკმარისია.

არ უნდა დაგავიწყდეთ ავტომობილის გაგრილების სისტემაც. თუკი ძრავის გადახურება გინდათ აირიდოთ, რადიატორი, თერმოსტატი და გაგრილების სითხე უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯები, რომელიც ძრავის შეკეთების ან შეცვლის აუცილებლობას ახლავს.

ზეთი და სხვა სითხეები 

ზაფხულის ტემპერატურა ავტომობილის სითხეებზეც მოქმედებს. ისინი შესაძლოა, აორთქლდეს ან თვისებები დაკარგოს, რაც ტექნიკურ პრობლემებს იწვევს.


რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • ძრავის ზეთს

  • გაგრილების სითხეს

  • სამუხრუჭე სითხეს

  • გადაცემათა კოლოფის სითხეს

  • მინის საწმენდ სითხეს


ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Mobil 1 და Shell, ცნობილია მაღალი ხარისხის სინთეზური ზეთებით, რაც უკეთ იცავს ძრავას მაღალ ტემპერატურაზე, ამცირებს ხახუნს და ცვეთას. შედეგად ძრავაც უფრო სტაბილურია. მაღალი ხარისხის ბრენდების გამოყენებისას ზეთის ცვლის პერიოდიც უფრო ხანგრძლივია.

blog image

აკუმულატორი 

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში უფრო ხშირად გვახსენებს თავს აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, სინამდვილეში სიცხეში ელექტროლიტები ორთქლდება და აკუმულატორის დატვირთვა იზრდება.

Varta-ს აკუმულატორები გამძლეა, სიცხის მიმართ მდგრადი და ენერგიის ეფექტიან გადანაწილებას უზრუნველყოფს, რაც ქალაქში მოძრაობისა და გრძელი მოგზაურობებისთვის იდეალური არჩევანია.


ავტომობილის ვიზუალური მოვლა 

კიდევ ერთი, მარტივი და მნიშვნელოვანი გზა ზაფხულში ჩვენი მანქანების დასაცავად ხშირი გარეცხვაა, რადგან მტვერი და მაღალი ტემპერატურა ავტომობილის საღებავის დიდი მტერია. თუ საღებავზე ლაქების გაჩენა და ვიზუალის დაზიანება არ გინდათ, ეცადეთ, ავტომობილი ჩრდილში გააჩეროთ, რეგულარულად გარეცხოთ და ცვილის საღებავი ან სპეციალური დამცავი საშუალებები გამოიყენოთ. 

blog image

და ბოლოს,

მარტივი და დროული ზრუნვა ავტომობილზე:

  • გიცავთ სერიოზული ტექნიკური პრობლემებისგან

  • გიზოგავთ ფულს

  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ამცირებს რისკს თქვენთვის და თქვენი მგზავრებისთვის


ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ეს პროცედურები არასაჭირო და ზედმეტი ხარჯია, პირიქით — ავტომობილისთვის დროულად გამოჩენილი ყურადღება და ხარჯები სამომავლოდ დაზოგილი დრო და ფინანსებია.