როგორ მოვამზადოთ მანქანა ხანგრძლივი მგზავრობისთვის
თუ დასასვენებლად ემზადებით, საგულდაგულოდ მხოლოდ ჩემოდანი კი არ უნდა ჩაალაგოთ, ავტომობილზეც უნდა იზრუნოთ. სულ ერთია, სანაპიროსკენ გაქვთ გეზი, თუ მთებს გინდათ შეაფაროთ თავი, ხანგრძლივი მგზავრობა თქვენთვისაც და მანქანისთვისაც უსაფრთხო და კომფორტული უნდა იყოს.
შორ გზაზე წასულს საბურავი რომ არ გაგიფუჭდეთ, მაშუქები რომ არ დაგიზიანდეთ, ძრავა არ გადაგიხურდეთ ან აკუმულატორმა არ გიმტყუნოთ, წინასწარ რამდენიმე აუცილებელი პროცედურა გაიარეთ.
რა უნდა გააკეთოთ, სანამ შორ გზას დაადგებით?
პირველი, რაც ყველას გვახსენდება, საწვავის ავზის შევსება ან ელექტრომობილის დატენაა, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა.
შეამოწმეთ ზეთის დონე და ფილტრები - გაიხსენეთ, როდის შეცვალეთ ბოლოს ძრავის ზეთი და საჭიროების შემთხვევაში განაახლეთ. გადაამოწმეთ ზეთისა და ჰაერის ფილტრები – სუფთა ფილტრები ძრავის ეფექტიანობას ზრდის. მაღალი ხარისხის ზეთები, როგორიცაა Mobil 1 და Shell კი თქვენს ძრავას მაღალ ტემპერატურაზეც დაიცავს და ხახუნსა და ცვეთასაც შეამცირებს.

გაგრილების სისტემის დროა — გადახურება რომ აირიდოთ, აუცილებლად შეამოწმეთ ანტიფრიზის დონე. ასევე, კონდიციონერის სითხის დონე და სისუფთავე. ელექტრომობილებსაც აქვთ გაგრილების სისტემა და მისმა მძღოლებმაც იგივე პროცედურა უნდა გაიაროთ.
სითხეების კონტროლი მნიშვნელოვანია — გადაამოწმეთ გადაცემათა კოლოფის ზეთი, სამუხრუჭე სითხე, მინის საწმენდი სითხეც, რათა გზაზე იდეალური ხილვადობა გქონდეთ.
აკუმულატორი და ელექტრონიკა გამართულად უნდა მუშაობდეს — დარწმუნდით, რომ აკუმულატორი გამართულია და არ აქვს კოროზია კონტაქტებზე. თუ მაღალი ხარისხის ბრენდების, Varta-ს ან Exide-ს, აკუმულატორებს იყენებთ, რომლებიც მეტ გამძლეობას გთავაზობთ, მეტად დაზღვეულიც იქნებით.
ღამით გზაზე ფარები რომ არ ჩაგიქრეთ, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ და არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ შორი და ახლო განათების სიმძლავრე გამართულად დაარეგულიროთ, რათა არც თქვენ შეგექმნათ პრობლემა და არც სხვა მძღოლები შეაწუხოთ.

საბურავების გადამოწმება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს — პირველ რიგში, აუცილებლად სეზონური საბურავი უნდა მოამზადოთ, თუ უკვე გაქვთ, მაშინ პროტექტორის სიმაღლე უნდა შეამოწმოთ, რათა ძველი და გაცვეთილი საბურავების გამო გზაში საფრთხე არ შეგექმნათ. მნიშვნელოვანია წნევის გადამოწმებაც და საბარგულში სათადარიგო საბურავის, დომკრატის შენახვაც, საჭიროებისას თავადვე რომ შეძლოთ შეცვლა. საქართველოს მთაგორიან გზებზე მგზავრობისას Bridgestone-ის საბურავები გამოგადგებათ, რომლებიც რთულ კლიმატურ და საგზაო პირობებს უმკლავდება და უკეთეს დამუხრუჭებას უზრუნველყოფს.

დაბოლოს, როცა მანქანის ტექნიკურ გამართულობაში დარწმუნდებით, სალონისა და ინტერიერის სისუფთავეზეც იზრუნეთ. ამისთვის მაღალხარისხიანი და ანტიალერგიული საწმენდი საშუალებები უნდა გამოიყენოთ, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა Sonax.
თუ თავგადასავლები გიყვართ, კემპინგს გეგმავთ და თან პასუხისმგებლობიანი მძღოლი ხართ, ხანგრძლივი მგზავრობისას პირველადი საჭიროების სამედიცინო ჩანთა, რუკები ან/და კარგად დამუხტული ელექტრონული მოწყობილობები, საკვებისა და წყლის მარაგიც საჭიროა.
როგორც უკვე იცით, წინასწარ დახარჯული დრო, ენერგია და ფული სამომავლოდ არა მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისა და კომფორტის გარანტიაა, არამედ გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც აგარიდებთ. ასე რომ, მოემზადეთ მოგზაურობისთვის!