ზამთარი უკვე კარს მოგვადგა - ტემპერატურა ნელ-ნელა იკლებს, ხილვადობა მცირდება და მოყინულ თუ თოვლიან გზაზე გადაადგილებისას რისკებიც იზრდება. წარმოიდგინეთ, დილით ავტომობილი რომ ვერ დაქოქოთ ან სამსახურში წასვლა იმის გამო ვერ შეძლოთ, რომ გზა მოყინულია. მსგავსი სცენარის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ზამთრისთვის ავტომობილი წინასწარ მოვამზადოთ.
სეზონური ცვლილებები პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუმცა სწორი რჩევებით ეს პროცესი მარტივი და სასიამოვნო ხდება. განვიხილოთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, ზამთრის სეზონს უსაფრთხოდ შევხვდეთ და გზაზე გადაადგილებისას რისკები მაქსიმალურად შევამციროთ.

შეცვალეთ საბურავები
საბურავები ავტომობილის ის ერთადერთი ნაწილია, რომელიც გზას ეხება. ამიტომ ზამთარში სწორედ საბურავები ასრულებს გადამწყვეტ როლს უსაფრთხოების თვალსაზრისით. როცა ტემპერატურა 7°C-ზე ქვემოთ ჩამოდის, დროა, ზაფხულის საბურავები ზამთრისებით შეცვალოთ. არასეზონური საბურავი დამუხრუჭების მანძილსა და მოცურების რისკს ზრდის - განსაკუთრებით თოვლსა და ყინულზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ:
სიმბოლოების შემოწმება - ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს მთაში ჩახატული ფიფქის ნიშანი
პროტექტორის სისქე - მსუბუქი ავტომობილებისთვის, მინიმუმ, 3 მმ
ასაკი - საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული, მაშინაც კი, თუ გარეგნულად კარგ მდგომარეობაშია
ეს პატარა დეტალები დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და გზაზე თავდაჯერებულად იმოძრაოთ.

შეამოწმეთ და შეცვალეთ აკუმულატორი
თუკი ზამთარში ავტომობილი არ იქოქება, ეს ხშირად აკუმულატორის გაუმართაობის ბრალია. დაბალ ტემპერატურაზე მისი სიმძლავრე მცირდება. ამიტომ აუცილებელია დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს
ელექტროსისტემების შეფერხება - განათების ინტენსივობის კლება ან მულტიმედიასისტემის უცაბედი გათიშვა შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას
თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა შესამოწმებელია
ანტიფრიზის კონტროლი
ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი გამოიყენოთ. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.

დამატებითი რჩევები უსაფრთხო ზამთრისთვის
საბურავები, აკუმულატორი და ანტიფრიზი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ სხვა დეტალები. ყურადღება მიაქციეთ ფარებსა და საქარე მინის საწმენდებს - დაამატეთ საწმენდ სითხეში ყინვაგამძლე კონცენტრატი. სამუხრუჭე სისტემა კი პროფესიონალს მიანდეთ.
დაბოლოს, მანქანაში ყოველთვის გქონდეთ საგანგებო ნაკრები:
სათადარიგო საბურავი და ინსტრუმენტები
ფანარი და თოვლის საწმენდი
თბილი პლედი და პირველადი დახმარება
ზამთარი მეტ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ წინასწარი მომზადებით ყოველი მგზავრობა უსაფრთხო და სასიამოვნო იქნება. იზრუნეთ თქვენს ავტომობილზე, მიმართეთ სერვისცენტრს და მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვის.