ზამთარში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავტომობილსა და მძღოლზე. მაგალითად, წვიმა, თოვლი, ნამი ან ტალახი სალონში ტენიანობას ზრდის, რამაც შესაძლოა, მინებისა და ფარების დაბურვამდე ან ელექტრონიკის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.
ამას თან ახლავს მძღოლისთვის ხილვადობის გაუარესება, შედეგად კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ჯარიმისა და საავარიო სიტუაციების რისკები იზრდება. ასეთ ამინდებში რომ ხილვადობა გაიუმჯობესოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.

რა იწვევს ფარებისა და მინების დაბურვას
თუ თქვენი ავტომობილის ფარები ცუდად ანათებს, ან საქარე მინიდან ისეთივე ხილვადობა არ გაქვთ, როგორც მანამდე გქონდათ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
ტემპერატურის სხვაობა — როცა გარეთ ცივა, ავტომობილში კი შედარებით მაღალი ტემპერატურაა, ჰაერში არსებული ტენი კონდენსირდება. ეს ორთქლი და წყლის წვეთები კი შუშის ან ფარის შიდა მხარეს გროვდება და იბურება
ჰერმეტულობის დაკარგვა — თუ ფარის ბუდე ან საფარი დაზიანებულია, შესაძლოა, შიგნით წყალი აღწევდეს, რომელიც აორთქლების შემდეგ დაბურვის ეფექტს ქმნის
ძველი ფილტრები — თუ სალონის ფილტრები უკვე დაბინძურებულია, ის ჰაერის სწორ ცირკულაციას ვერ უზრუნველყოფს და შიგნით მეტი ტენი გროვდება

როგორ ავირიდოთ ნესტისა და ორთქლის დაგროვება
ეს მარტივი ნაბიჯები დაგეხმარებათ, მზად შეხვდეთ ნესტიან ამინდებს. პირველ რიგში, სალონში ტენიანობა უნდა აკონტროლოთ:
არ დატოვოთ სველი ნივთები ან ხალიჩები
პერიოდულად გაანიავეთ
გამოიყენეთ მინების საწმენდი სპეციალური საშუალებები ან ორთქლის საწინააღმდეგო სპრეი
აკონტროლეთ მინის საწმენდების გამართულობა, რათა დაზიანებულმა რეზინამ წმენდისას ზოლები არ დატოვოს
ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გამოიყენოთ ვენტილაცია:
ისარგებლეთ კონდიციონერის ცივი ნაკადით ჰაერის გამოსაშრობად (დიახ, ზამთარშიც შეგიძლიათ რამდენიმე წუთით)
გამათბობლის ჩართვისას, ჰაერის ნაკადი მინებისკენ მიმართეთ
არ გამოიყენოთ ჰაერის შიდა ცირკულაციის რეჟიმი, რათა ტენი სალონში არ დარჩეს
შეამოწმეთ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ სალონის ფილტრი

ფარების შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ, ჰერმეტულია თუ არა ბუდე - დაზიანებული უნდა შეცვალოთ. ამავდროულად, თუ ფარის ბუდეში ტენიანობას შენიშნავთ, მიმართეთ სერვისცენტრს, რადგან ასეთ დროს გახსნა, გამოშრობა და სილიკონის გელით დამუშავებაა საჭირო.
გარდა ამ მარტივი ნაბიჯებისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენზეც. ცუდ ამინდში გადაადგილებისას:
გამოიყენეთ ფარების დაბალი განათება, რათა არეკვლა აირიდოთ
შეამცირეთ მოძრაობის სიჩქარე და მოერიდეთ მანევრირებებს
წინ მიმავალ მანქანასთან გაზარდეთ მანძილი
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ნესტიან ამინდებში მეტი სიფრთხილე და უკეთესი ხილვადობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა თქვენი და სხვა მგზავრების უსაფრთხოების გარანტია.