სათადარიგო საბურავის დაყენება უმეტესად ისეთ დროს და ისეთ სიტუაციაში ხდება ხოლმე საჭირო, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდებით. ამიტომ, ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს, როგორ შეცვალოს საბურავი უშეცდომოდ. საბურავის შეცვლა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია და თითქოს ყველამ იცის, მაგრამ არის დეტალები, რასაც ბევრი არ ითვალისწინებს.
#თეგეტასსახელმძღვანელო მარტივად აგიხსნით, როგორ შეცვალო საბურავი სწორად.
როდესაც მიხვდებით, რომ საბურავი დაეშვა, გააჩერეთ ავტომობილი მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილზე. სასურველია, გაჩერდეთ სწორ ზედაპირზე.
თუ თქვენს მანქანას მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ბერკეტი მოათავსეთ 1 სიჩქარის პოზიციაში, ხოლო თუ ავტომატიკაა — პარკინგის პოზიციაში. ამოწიეთ ხელის მუხრუჭი, გამორთეთ ძრავა და ჩართეთ ავარიული მაჩვენებელი. სასურველია, გამოიყენოთ უსაფრთხოების სამკუთხედი.
დაგჭირდებათ დომკრატი, სათადარიგო საბურავი და ქანჩის გასაღები.
გაითვალისწინეთ: თუ თქვენს ავტომობილს სპეციალური, მცირე ზომის სათადარიგო საბურავი აქვს, ყურადღება უნდა მიაქციოთ და გაითვალისწინოთ მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა. დროებითი საბურავი არის იმისათვის, რომ შეკეთების ან შეცვლის უახლოეს სერვისამდე მიხვიდეთ.
თუ თან გაქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, შეგიძლიათ დაიწყოთ საბურავის შეცვლა:
პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მსუბუქად მოუშვათ ჭანჭიკები. შემდეგი ნაბიჯი ავტომობილის აწევაა. დომკრატი განათავსეთ სწორად, საყრდენად გამოიყენეთ ავტომობილის ძარა.
აწიეთ ავტომობილი დომკრატით ისე, რომ საბურავი ასფალტს აღარ ეხებოდეს. მოუშვით ჭანჭიკები ბოლომდე და მოხსენით დაზიანებული საბურავი.
ამის შემდეგ, დააყენეთ სათადარიგო საბურავი და გადაუჭირეთ ჭანჭიკები ნებისმიერი თანმიმდევრობით, შემდეგ დაუშვით ავტომობილი და კიდევ ერთხელ კარგად გადაუჭირეთ ჭანჭიკები, ახლა უკვე ჯვარედინად.