როდის და სად არის სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება

01 დეკემბერი, 2025
როდის და სად არის სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება
2 წუთი წასაკითხად

იცოდით, რომ 1 დეკემბრიდან გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით გადაადგილება სავალდებულოა? 

 

ბლოგში გიამბობთ, როგორ მოქმედებს ეს წესი და რა უნდა გაითვალისწინოთ. 

რას ითვალისწინებს კანონი

 

მთავრობის 2023 წლის დადგენილებით, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა და 2014 წლის 1 დეკემბრიდან, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებითა და ჯაჭვებით გადაადგილება სავალდებულო გახდა. კერძოდ: 

  • 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში ავტომობილი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი

  • ამავდროულად, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით შეიძლება ეს პერიოდი შეიცვალოს ან დამატებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრება გახდეს სავალდებულო

blog image

წესი M და N კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება და გზებისა და მონაკვეთების სიაც განსაზღვრულია. მაგალითად:

  • თბილისის შემოსასვლელ გზაზე ზაჰესი-რუსთავის მონაკვეთი

  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მლეთა-კობის მონაკვეთი

  • ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის გზაზე დმანისის გადასახვევი-გეგუთის მონაკვეთი

  • ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზა სრულად

  • სულ 25 მონაკვეთია. სრული სიის ნახვა 526-ე დადგენილებაში ამ ბმულზე შეგიძლიათ

როგორი უნდა იყოს საბურავი და ჯაჭვი

 

ზამთრის საბურავად მიიჩნევა საბურავი, რომელსაც პროტექტორის ნახატის, შემადგენლობის, სტრუქტურის გათვალისწინებით აქვს ძლიერ თოვლიან/მოყინულ გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყების ან შენარჩუნების უკეთესი შესაძლებლობა. ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: 

 

  • საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი

  • შესაძლებელი უნდა იყოს საბურავზე დამზადების თარიღის წაკითხვა

  • M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ანუ მსუბუქი ავტომობილისთვის, საბურავის პროტექტორის სიღრმე 3 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს

  • ხოლო M2, M3 კატეგორიებისთვის, ანუ მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის - არანაკლებ 4 მმ-სა

  • საბურავზე დატანილი უნდა იყოს ფიფქის სიმბოლო

blog image

არსებობს გამონაკლისიც, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზედაც ფიფქი არ არის დატანილი. თუმცა, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უფლებამოსილია, მოითხოვოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრება. 

 

რაც შეეხება თავად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვს, ის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე. ასევე უნდა იყოს:

  • ქარხნული წესით დამზადებული

  • სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი

blog image

რა პასუხისმგებლობაა განსაზღვრული დარღვევისთვის  

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში საფრთხეში აგდებთ საკუთარ თავს და მგზავრებს. გარდა ამისა, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს:

  • პოლიციელი უფლებამოსილია, აგიკრძალოთ გზის ამ მონაკვეთზე შესვლა

  • ამავდროულად, თუ ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს ქმნის, შეიძლება დროებით ჩამოგერთვათ ის და გადაიყვანონ დაცულ სადგომზე, რისი ხარჯების ანაზღაურებაც თქვენ დაგეკისრებათ

  • დაჯარიმდებით 100 ლარით და მართვის მოწმობაზე 5 ქულა დაგაკლდებათ


ვინაიდან ზამთრის სეზონი უკვე დაიწყო, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეცვალეთ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით და იარეთ უსაფრთხოდ.