რატომ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ

06 ოქტომბერი, 2025
რატომ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ
3 წუთი წასაკითხად

ზაფხულის დასრულებისას ჩვენი ავტომობილი, ჩვენთან ერთად, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება: სკოლა, სამსახური, ინტენსიური მოძრაობა და ქალაქის გადატვირთულ გზებზე ხშირი გადაადგილება. ამ ფონზე მანქანა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.


ერთი შეხედვით, ეს რთულად შესამჩნევია, რადგან სრული დატვირთვით მუშაობა ისეთ დეტალებზე  ახდენს გავლენას, რომლებიც თავდაპირველად არ ჩანს, თუმცა  მოგვიანებით სერიოზულ დაზიანებას იწვევს. 


აქამდე არაერთხელ განგვიხილავს, როგორ უნდა მოგვემზადებინა ავტომობილი მგზავრობისთვის, ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, როგორ მოვუაროთ მას დაბრუნების შემდეგ.

რა უნდა შევამოწმოთ და როგორ

ხანგრძლივი მგზავრობიდან დაბრუნების შემდეგ სასურველია ავტომობილის გარეცხვა როგორც გარედან, ისე სალონის. მტვერი, ქვიშა და დაგროვილი ჭუჭყი ნელ-ნელა აზიანებს მანქანის საფარს და სალონის დეტალებს. გარდა ამისა, თუ თქვენი მოგზაურობა ზღვისპირა რეგიონებს უკავშირდებოდა, უნდა იცოდეთ, რომ მარილიანი ჰაერი კოროზიას იწვევს.

blog image

გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს:


საბურავები და წნევა — თუკი საბურავებით ასეულობით ან ათასობით კილომეტრი დაფარეთ, აუცილებელია მათი მდგომარეობის შესწავლა. 

  • დააკვირდით ვიზუალს — ხომ არ არის დეფორმირებული, აქვს თუ არა ბზარები

  • გაზომეთ საბურავების წნევა, მათ შორის სათადარიგო საბურავის, იმის მიუხედავად იყენებდით თუ არა მას — რადგან წნევაზე ტემპერატურის ცვლილებაც ახდენს გავლენას

  • დაათვალიერეთ პროტექტორის სისქე — ხომ არ არის ზედმეტად გაცვეთილი

  • გაითვალისწინეთ, შესაძლოა, საბურავს ერთი შეხედვით დაზიანება არ ეტყობოდეს, მაგრამ შიდა, ბადისებრი ფენა იყოს დარღვეული — საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სერვისცენტრს

blog image

ძრავის ზეთი და სხვა სითხეები — ხანგრძლივი მგზავრობისას შეიძლება ზეთის დონე შემცირდეს.

  • მანქანა გააჩერეთ სწორ ზედაპირზე, გააგრილეთ, ჩადეთ ჩხირი ზეთის ავზში და შეამოწმეთ — დონე უნდა იყოს მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის, ფერი კი არ უნდა იყოს სტანდარტულზე მუქი

  • არ დაგავიწყდეთ ანტიფრიზისა და სამუხრუჭე სითხის დონის შემოწმება— ორივე მათგანი კაპოტის ქვეშ, რეზერვუარებშია. თუ დაბალია, უნდა შეავსოთ

  • მინის საწმენდი სითხის ავზი მოგზაურობის შემდეგ თითქმის ყოველთვის ცარიელია — შემოდგომის წვიმიანი ამინდები გელით, შევსება აუცილებელია

blog image

სამუხრუჭე სისტემა — გრძელმა და უსწორმასწორო გზებმა შესაძლოა, ხუნდების ცვეთა და დისკების დეფორმაცია გამოიწვიოს.

  • მოუსმინეთ, ისმის თუ არა ჭრიალი ან უცნაური ხმა — ეს შეიძლება ხუნდების ცვეთაზე ან დისკის დაზიანებაზე მიგანიშნებდეთ

  • დააკვირდით, რამდენად სწრაფად აჩერებთ მანქანას — თუ დამუხრუჭებას მეტი დრო და მანძილი სჭირდება, სჯობს, სერვისცენტრს მიმართოთ

blog image

ფილტრები — ჰაერისა და სალონის ფილტრები მტვრით იქნება დაბინძურებული. მათი შეცვლა მნიშვნელოვანია როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისე ავტომობილის გამართული ფუნქციონირებისთვის.  

  • დაათვალიერეთ ჰაერის ფილტრი — თუ მტვერი და ფოთლებია დაგროვილი, გაწმენდა ან გამოცვლა სჭირდება

  • თუ სალონში სუნს გრძნობთ, ე.ი. სალონის ფილტრი დაბინძურებულია

blog image

ელექტრონიკა და აკუმულატორი — გადაამოწმეთ, აკუმულატორი ნორმალურად მუშაობს თუ არა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად იყენებდით კლიმატკონტროლს ან დასატენ მოწყობილობებს. 

  • კლიმატკონტროლის, დამტენების, განათების მუდმივი მუშაობა აკუმულატორს ზედმეტად ასუსტებს. პრობლემა შეიძლება რამდენიმე კვირაში გამოვლინდეს, როცა მანქანა რთულად დაიქოქება.


ეს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ, თავად გაარკვიოთ, აქვს თუ არა პრობლემა ავტომობილს. თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ სერვისცენტრს და უზრუნველყავით როგორც თქვენი, ისე სხვების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა.