რატომ უნდა შეამოწმოთ სამუხრუჭე სისტემა მოგზაურობამდე

12 ივნისი, 2026
რატომ უნდა შეამოწმოთ სამუხრუჭე სისტემა მოგზაურობამდე
2 წუთი წასაკითხად

ზაფხული დასვენებებთან და ხანგრძლივ მგზავრობასთან ასოცირდება. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ავტომობილი გამართულად უნდა მუშაობდეს.

სანამ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ბარგით დატვირთულები ზღვისკენ ან მთებისკენ აიღებთ გეზს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გამართულად მუშაობს, რადგან ხანგრძლივი მგზავრობა, განსაკუთრებით კი დატვირთული ავტომობილით, სამუხრუჭე სისტემაზე დატვირთვას ზრდის.

როდის უნდა შეამოწმოთ სამუხრუჭე სისტემა

არსებობს სტერეოტიპი, რომ სამუხრუჭე სისტემა გამართულია, თუ დამუხრუჭებას ახერხებთ. სინამდვილეში, თუ დამუხრუჭებისას ავტომობილი უჩვეულო ხმებს გამოსცემს, საჭე ვიბრირებს, მუხრუჭი „რბილია“ ან დამუხრუჭების მანძილი იზრდება - ნიშანია, რომ სისტემას პრობლემები აქვს.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მიმართოთ სერვისცენტრს, რადგან დიაგნოსტიკა საშუალებას მოგცემთ, შეუმჩნეველი პრობლემებიც აღმოაჩინოთ, ისეთები, როგორებიცაა:

●      გაცვეთილი სამუხრუჭე ხუნდები

●      დაზიანებული დისკები

●      სამუხრუჭე სითხის დაბინძურება

●      ABS სისტემის გაუმართაობა და სხვა

 

პრობლემების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა დაგიცავთ ძვირადღირებული დაზიანებისა და გზაზე ავარიული სიტუაციებისგან.

blog image

როგორ ხდება სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა

 

სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რასაც სპეციალური ხელსაწყოებიც სჭირდება, ამიტომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ენდოთ პროფესიონალს. სერვისცენტრში ამოწმებენ:

●      ხუნდებისა და დისკების მდგომარეობას

●      სითხის დონეს, ხარისხსა და დუღილის ტემპერატურას

●      ჰიდრავლიკურ და ABS სისტემას

●      დამუხრუჭების ბალანსსა და მოჭიდებას

●      სამუხრუჭე ძალის ბორბლებზე თანაბარ განაწილებას

დიაგნოსტიკის პროცესში იმასაც აკვირდებიან: ხომ არ გამოსცემს ავტომობილი ჭრიალის ან ხახუნის ხმას; ხომ არ აქვს ვიბრაცია დამუხრუჭებისას; ან ხომ არ იხრება გვერდით; ასევე, ხომ არ არის გაზრდილი სამუხრუჭე მანძილი.

რაც შეეხება სამუხრუჭე ხუნდების შეცვლას, ამისთვის ზუსტი ინტერვალი განსაზღვრული არ არის. მაგრამ მათი ცვლილების აუცილებლობა შესაძლოა, ვიზუალური დათვალიერებითაც აღმოაჩინოთ. მაგალითად, თუ ხუნდების ფრიქციული მასალა გათხელებულია, 3-4 მილიმეტრზე ნაკლებია, ე.ი. შეცვლის დროა.

ასევე, რეკომენდებულია ხუნდების შეცვლა, საშუალოდ, 30-70 ათასი კილომეტრის გავლისას. თუმცა ეს დამოკიდებულია ავტომობილზე, მოძრაობის პირობებსა და მართვის სტილზეც: საცობებში ან დაღმართებზე გადაადგილება და დატვირთული ავტომობილით მოძრაობა ხუნდების ცვეთას აჩქარებს.

გახსოვდეთ, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება და უსაფრთხოების გარანტიაა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მგზავრებისთვის.