რატომ უნდა შეამოწმოთ ავტომობილი შემოდგომაზე?

17 სექტემბერი, 2025
რატომ უნდა შეამოწმოთ ავტომობილი შემოდგომაზე?
2 წუთი წასაკითხად

იცოდით, რომ შემოდგომის არასტაბილური ამინდები და ტემპერატურის სწრაფი ვარდნა ავტომობილზე ნეგატიურად მოქმედებს? თქვენი ავტომობილი რომ ზაფხულის სიცხემ არ დააზიანოს და ზამთრის ყინვებისთვისაც წინასწარ მოემზადოთ, ძრავის შესამოწმებლად შემოდგომა იდეალური დროა. 

რატომ არ უნდა დაელოდოთ ზამთარს?

ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ ავტომობილისთვის მთავარი გამოწვევა ზამთარია და შემოწმებას ბოლო წუთამდე აჭიანურებს. სინამდვილეში კი, შემოდგომა ყველაზე ეფექტური დროა, როცა შეგიძლიათ:

  • შეამციროთ გაყინვისა და კოროზიის რისკი — თუ ანტიფრიზისა და ძრავის ზეთს დროულად შეამოწმებთ და საჭიროების შემთხვევაში შეცვლით

  • დააზღვიოთ ბატარეისა და ელექტრონიკის მუშაობა — სიცივეში ელექტროსისტემა სუსტდება და მცირე გაუმართაობამაც კი შესაძლოა, პრობლემა გამოიწვიოს


რას მოიცავს ძრავის სეზონური დიაგნოსტიკა?

ავტომობილის დიაგნოსტიკა შეიძლება მარტივი ვიზუალური დათვალიერებით დაიწყოს, თუმცა მისი საფუძვლიანი შემოწმება სერვისცენტრშია შესაძლებელი სპეციალური აღჭურვილობით. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ძირითადი პროცედურა, რომელთა პერიოდულად ჩატარებაც რეკომენდებულია ავტომობილისთვის:

ვიზუალური დათვალიერება

  • შეამოწმეთ ღვედები, შლანგები, საკეტები და ჭანჭიკები — ხომ არ არის დაბზარული, გაცვეთილი ან გატეხილი

  • დააკვირდით, ხომ არ აქვს ძრავას ნამწვის, ზეთის ან სითხის გაჟონვის კვალიც

blog image

ძრავის ზეთი

  • შეამოწმეთ ზეთის ფერი, დონე და სისქე — თუ ზეთი მუქია ან ზედმეტად სქელი, დროა შეცვალოთ

  • გაითვალისწინეთ ზეთის სეზონური სიბლანტე — შემოდგომისთვის რეკომენდებულია ისეთი ზეთი, რომელიც კარგად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე

  • ზეთის დონე უნდა იყოს MIN და MAX ნიშნებს შორის

სითხეების შემოწმება

  • ანტიფრიზი — გაგრილების სითხე უნდა იყოს შესაბამის დონეზე და შეიცავდეს ანტიკოროზიულ კომპონენტებს

  • სამუხრუჭე სისტემის სითხე — მისი მდგომარეობაც გადამწყვეტია სისტემების გამართულობისთვის

  • არასრულფასოვანი ან დაბინძურებული სითხეები ზრდის დაზიანებისა და სისტემის გაყინვის რისკს

თერმოსტატი

თუ ავტომობილი სტანდარტულზე მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს ან წვამ მოიმატა, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ თერმოსტატი იყოს. ამიტომ რეკომენდებულია მისი შემოწმება.

  • თერმოსტატი აკონტროლებს ძრავის გათბობასა და გაგრილებას

  • გაუმართავი თერმოსტატი იწვევს არასწორ წვას, ძრავის გადახურებას ან ზედმეტ გაგრილებას — რაც აისახება წვის ეფექტურობაზე

blog image

ფილტრების გამართვა

  • ჰაერის ფილტრი — ზაფხულის მტვერი ფილტრს ადვილად ბლოკავს, რაც ძრავის მუშაობას აფერხებს

  • საწვავის ფილტრი — ბინძური საწვავი და ნალექი ძრავის შიდა ნაწილებს აზიანებს

  • სუფთა ფილტრები უკეთეს ჰაერს, ნაკლებ წვასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს

ძრავის შემოწმება მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის — ეს თქვენი უსაფრთხოებისა და ავტომობილის ხანგრძლივი მუშაობის გარანტიაა.

თუ გსურთ, ზამთარი უპრობლემოდ და ეკონომიურად გადალახოთ, ეწვიეთ სერვისცენტრებს, სადაც პროფესიონალი მექანიკოსები ავტომობილის სრულ დიაგნოსტიკას ჩაატარებენ და ზუსტად განსაზღვრავენ, სჭირდება თუ არა ძრავას ზეთის შეცვლა, ფილტრების გაწმენდა ან სხვა პროცედურა.

ნუ დაელოდებით, სანამ ძრავა თავად შეგახსენებთ მასზე ზრუნვის აუცილებლობას — იზრუნეთ მასზე ახლა, რათა ზამთარი მშვიდად და უსაფრთხოდ გაატაროთ.