წლებია, რაც ავტომობილი მყავს და სიამაყით ვამბობ, რომ მის გამართულობაზე მუდმივად ვზრუნავ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე საცობში შევნიშნე, რომ საწვავი იწურებოდა. ამიტომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე მივედი. საწვავის ჩამატების შემდეგ გზა გავაგრძელე და რამდენიმე წუთში საინფორმაციო დაფაზე ძრავის შემოწმების ყვითელი მანიშნებელი, check engine აინთო.
რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, დროულად მიმემართა სერვისცენტრისთვის და არჩევანი "თეგეტა მოტორსზე" შევაჩერე, რადგან წლებია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ. ვიზიტის დროს, პირველ რიგში, გამომკითხეს, რა ვითარებაში აინთო ეს ინდიკატორი და ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მირჩიეს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დაფიქსირდა გაჟონვა საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემაში. გამიმართლა და პრობლემა შეცდომის განულებით მოგვარდა. ასევე, ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მივიღე სპეციალისტებისგან და მინდა, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ.
რა მოხდა ჩემს შემთხვევაში?
სპეციალისტმა ივარაუდა, რომ საწვავი დაქოქილ ავტომობილში ჩავასხი. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი, ამიტომ ჩავეძიე და ვთხოვე, დეტალურად აეხსნა, რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
მისი თქმით, თანამედროვე ავტომობილების საწვავის ავზი აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით, რომელიც საწვავის ანაორთქლის გარეთ გაჟონვის პრევენციას ახდენს, ვინაიდან საწვავის ანაორთქლი ეკოლოგიისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს და ამ სისტემის საშუალებით ის იფილტრება. აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის ვენტილაციის სისტემა აღჭურვილია წნევის სენსორით. ბენზინგასამართ სადგურზე, დაქოქილ ავტომობილში საწვავის ავზზე ხუფის მოხსნის დროს, ამ სენსორმა წნევის ვარდნა დააფიქსირა და ინსტრუმენტების პანელზე შესაბამისი ინდიკატორი (check engine) აინთო.