რატომ არის სარისკო მეორადი საბურავის გამოყენება

13 ნოემბერი, 2025
რატომ არის სარისკო მეორადი საბურავის გამოყენება
2 წუთი წასაკითხად

ავტომობილის მოვლა არც ისე მცირე ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ ზოგიერთი მძღოლი ცდილობს, თანხის დაზოგვის მიზნით მეორადი ან დაბალი ხარისხის ნაწილები შეიძინოს. შეძენისას ნაკლები თანხის გადახდა შესაძლოა, დაზოგვად მიიჩნიოთ, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ასე არ არის.

დაბალხარისხიანი ნაწილების გამოყენებამ შესაძლოა, ავტომობილის ისეთი დეტალები დააზიანოს, რომელთა შეკეთება ან შეცვლა გაცილებით ძვირია. როცა საქმე მეორადი საბურავების ხანგრძლივად გამოყენებას ეხება, ამ პრობლემებს საავარიო სიტუაციების საფრთხეც ემატება.

blog image

რა რისკები ახლავს მეორად საბურავებს

  • მეორად საბურავებს არ აქვს არანაირი გარანტია და არ ხართ დაზღვეული, როდემდე შეძლებთ მათ გამოყენებას

  • სარგებლობა განსაკუთრებით სარისკოა წვიმიან და თოვლიან ამინდში - შესაძლოა, მოცურების წინააღმდეგ დაცვა ვერ უზრუნველყოს

  • არ არის შესაფერისი მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ან გრძელ გზებზე გადაადგილებისას, რადგან ძველი საბურავი მიდრეკილია მოულოდნელად დაზიანებისკენ

  • შესაძლოა, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ თვალისთვის შეუმჩნეველი მიკროდაზიანებები ჰქონდეს, მაგალითად, მცირე ზომის ნახეთქები, რაც გზაზე მოულოდნელად დაშვებას გამოიწვევს

  • მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ინახებოდა საბურავები ხელახლა გაყიდვამდე — მზეზე და ნესტში ისინი ელასტიკურობას კარგავს და სიმტკიცეც უმცირდება

  • საბურავები თანაბარ მდგომარეობაში თუ არ იქნება, მაგალითად, თუ ერთი უფრო გაცვეთილია, ვიდრე მეორე, მართვისას სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებთ

  • საყურადღებოა საბურავების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებიც - არის შემთხვევები, როდესაც ამ დროს საბურავები მნიშვნელოვნად ზიანდება

blog image

როგორ უნდა დაიცვათ უსაფრთხოება

მეორადი საბურავით სარგებლობისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში ის, რომ მათი გამოყენება რეკომენდებულია მოკლევადიანად, დროებით გამოსავლად და არა ხანგრძლივად. შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქალაქში გადაადგილებისას, მაგრამ არ გამოიყენოთ გრძელ გზებზე. გარდა ამისა:

  • ექსპერტების რჩევაა, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია, 6 წელზე უფრო დიდი ხნის საბურავებით არ ისარგებლოთ - გამოშვების თარიღის ნახვა საბურავზე მითითებული კოდით შეგიძლიათ

  • დაიწყეთ ვიზუალური შემოწმებით: საბურავს არ უნდა ჰქონდეს ნახვრეტები, ბუშტები, სიძველის სხვა ნიშნები

  • შეამოწმეთ პროტექტორის სისქე - თუ ის 3-4 მილიმეტრზე ნაკლებია, არ გამოიყენოთ

  • მეორადი საბურავის შეძენის დროსაც უნდა დაიცვათ სეზონურობა და ზამთარში ზაფხულის საბურავი არ გამოიყენოთ

  • მიმართეთ სერვისცენტრს წნევისა და ბალანსირების გადასამოწმებლად და არ გადააჭარბოთ დატვირთვას, რადგან ძველი საბურავები ზემოქმედებისას მეტად მგრძნობიარეა

  • მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ავტომობილით გადაადგილებისას გადამწყვეტი თქვენი უსაფრთხოება და კომფორტია. ამიტომ მეორადი საბურავების შერჩევისას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ და რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.