დღევანდელ დღეს მეორეული ავტომობილის შეძენის მრავალი ფორმა არსებობს — ავტობაზრობები, დილერები, ინტერნეტი და ა.შ.
სადაც უნდა ყიდულობდეთ მეორეულ ავტომობილს, აუცილებელია მისი შემოწმება, როგორც ვიზუალურად, ასევე დაქოქვითა და გატარებით.
ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ორმაგად დაკვირვებულები ვიყოთ.
პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ავტომობილი, რომელიც ადრეულ ასაკში შევიძინე ვიზუალურად საკმაოდ კარგი ჩანდა, ხოლო შეძენიდან რამდენიმე თვეში, ის ჭირვეულ მონსტრად იქცა. ბევრჯერ ვინანე, რომ ყიდვამდე ავტომობილი კვალიფიციურ კადრებს არ შევამოწმებინე და უბრალო "პროფილაქტიკის" თანამშრომელს ვენდე.
თქვენც ასეთივე მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, იმ რამდენიმე საკითხს გაგაცნობთ, რომლებიც მომავალში მანქანის ყიდვისას გამოგადგებათ.
გარეგანი დათვალიერება
გარე შემოწმება ტარდება მხოლოდ სუფთა ავტომობილზე, რისთვისაც აუცილებელია კარგი განათება. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ მანქანა არ არის შეღებილი. ამისთვის საუკეთესო გზა კარის რეზინის ოდნავ ჩახსნა და შიდა კარკასის, გარე კარკასთან შედარებაა — ფერები უნდა ემთხვეოდეს. არსებობს სპეციალური მოწყობილობა — სისქის საზომი, რომელიც განსაზღვრავს საღებავის სისქეს და მის შესაბამისობას ქარხნულთან.
კორპუსის დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ ჟანგის კვალს, განსაკუთრებით კარსა და ფარებზე, ასევე კოროზიის ცენტრები შეიძლება იყოს მინის რეზინის ქვეშაც. თუ ჟანგიანი ადგილების რაოდენობა ბევრია, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ ასეთი ავტომობილის შეძენაზე.
მნიშვნელოვანია შეამოწმოთ კარებებსა და კარკასს შორის დაშორებები (ზაზორები), რადგან თუ მათ განსხვავებული ზომები აქვთ, ესეიგი მანქანა სავარაუდოდ ავარიაშია მოყოლილი.
ყურადღება მიაქციეთ საბურავების მდგომარეობას, მათ ღერძს არ უნდა ჰქონდეს დარღვეული გეომეტრია, რაც საბურავებზე არასწორ ცვეთაში აისახება. შეამოწმეთ სამუხრუჭე დისკები, რომლებსაც არ უნდა გააჩნდეთ ნაკაწრები და ბზარები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფარებისა და მინების შემოწმებაც.