რა უნდა გაითვალისწინოთ მოყინულ გზაზე მოძრაობისას

08 იანვარი, 2026
რა უნდა გაითვალისწინოთ მოყინულ გზაზე მოძრაობისას
3 წუთი წასაკითხად

რა უნდა გაითვალისწინოთ მოყინულ გზაზე მოძრაობისას

როგორც დამწყებმა, ისე გამოცდილმა მძღოლებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ, სეზონების ცვლასთან ერთად, ავტომობილის მოვლისა და მართვის პირობებიც იცვლება. ამინდის გაუარესება დიდ რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ხილვადობა რთულდება და გზები მოყინულია.

 

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ რთულ გარემო პირობებში უსაფრთხოდ იმოძრაოთ, მოსრიალებისა და ავარიის საფრთხე აირიდოთ და ავტომობილიც არ დააზიანოთ? 

 

5 შეცდომა, რომელიც მოყინულ გზაზე არ უნდა დაუშვათ

 

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ თოვლიან ან მოყინულ გზებზე გიწევთ გადაადგილება: 

  • არ იმოძრაოთ ზაფხულის საბურავებით

  • არ იაროთ მაღალი სიჩქარით

  • არ უგულებელყოთ დისტანციის მნიშვნელობა და ნუ მიუახლოვდებით წინ მოძრავ ავტომობილს

  • მოსრიალების შემთხვევაში არ დაამუხრუჭოთ სწრაფად, ეს საბურავის დაბლოკვისა და მოცურების რისკს ზრდის

  • საჭე მკვეთრად არ ამოძრაოთ

რა დაგეხმარებათ სტაბილურად მართვაში

ზემოხსენებული შეცდომების თავიდან არიდება თითქმის ავტომატურად ნიშნავს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც მოყინულ გზაზე მართვას გაგიმარტივებთ. თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. 

blog image

გამართული ავტომობილი

  • ამაზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია და ისევ გავიმეორებთ - აუცილებლად ისარგებლეთ ზამთრის საბურავებით. შესაბამისი პროტექტორი მოცურების რისკს ამცირებს

  • დარწმუნდით, რომ საბურავებში წნევა სწორად არის დარეგულირებული

  • მუხრუჭების, საჭის, განათების სისტემები გამართულად უნდა მუშაობდეს

მართვის სწორი ტექნიკა

  • მოყინულ გზაზე დაბალი სიჩქარით გადაადგილება უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა, ხოლო მკვეთრი მანევრირება და სიჩქარის სწრაფი მატება ავტომატურად ზრდის მოცურების რისკს

  • მოძრაობისას წინა ავტომობილთან დისტანცია იმაზე 3-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე სტანდარტულად, რადგან დამუხრუჭების მანძილი იზრდება

  • საჭე ატრიალეთ ნელა და თანაბრად, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ მოცურების მიმართულებით, რათა ავტომობილის მოჭიდება შეინარჩუნოთ

  • სიჩქარე შეამცირეთ მოხვევამდე და არა მოხვევის პროცესში, დასრულების შემდეგ კი ნელა დაიწყეთ აჩქარება

  • აღმართზე იმოძრავეთ თანაბარი სიჩქარით, დაღმართზე გამოიყენეთ ძრავით დამუხრუჭება და სიჩქარე შეამცირეთ დასაწყისშივე, არა - დაბლა სვლისას

blog image

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავტომობილი მაინც მოცურდა

თუ წესების დაცვის მიუხედავად, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, ავტომობილი მაინც მოგიცურდათ: 

  • სიმშვიდე შეინარჩუნეთ - დაძაბულობისა და შიშის გამო, მძღოლები ხშირად უშვებენ შეცდომას

  • აუშვით გაზს - ეს ამცირებს საბურავების ტრიალს და ეხმარება მოჭიდების აღდგენაში

  • მკვეთრად არ დაამუხრუჭოთ და ხელის მუხრუჭი არ გამოიყენოთ - ეს შეცდომაა, იწვევს საბურავის დაბლოკვას და უფრო ზრდის მოცურების რისკს

  • თუ ავტომობილს ABS სისტემა არ აქვს, ფრთხილად დააჭირეთ პედალს და აუშვით, იგივე გაიმეორეთ პერიოდულობით, პულსირების მეთოდით

  • გამოიყენეთ ძრავის წინააღმდეგობა - გადადით დაბალ გადაცემაზე, რაც მუხრუჭის გამოყენების გარეშე სიჩქარის კონტროლში დაგეხმარებათ

  • საჭე მოცურების მხარეს მიმართეთ, რათა წინა ბორბლების გასწორებას შეუწყოთ ხელი. მაგალითად: თუ ავტომობილის უკანა ნაწილი მარჯვნივ იხრება, საჭეც მარჯვნივ მოატრიალეთ

  • დაბოლოს, ეცადეთ, საჭე ნელა გაასწოროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაზარდეთ სიჩქარე თანაბრად

 

არ დაგავიწყდეთ, მოცურება ავტომატურად ავარიას არ ნიშნავს, თუმცა თქვენმა არასწორმა რეაგირებამ შესაძლოა, ნამდვილად გამოიწვიოს ის. წინასწარ მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვის და საჭიროებისას მნიშვნელოვანი წესები გაითვალისწინეთ.