ყველა გამარჯვებას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ როცა სპორტსმენი ჩემპიონი ხდება, მთელი ყურადღება სწორედ ამ მომენტს ეთმობა.
რა ხდება იქამდე, სანამ მას მედალს გადასცემენ? ეს შრომისა და შეუპოვრობის გზაა და გულშემატკივარი მას ხშირად ვერ ხედავს.
სწორედ ამ გზაზე პარასპორტსმენების მხარდაჭერასა და ხილვადობის გაზრდას ემსახურება საქართველოს ბანკის ახალი კამპანია, რომელსაც თეგეტაც შეუერთდა.
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” — კამპანიის მთავარ კითხვას თეგეტამ უკვე გასცა პასუხი და პარალიმპიელ ჩემპიონ გვანცა ზადიშვილთან დაიწყო პარტნიორობა.
გზა გამარჯვებამდე და მის შემდეგ
გვანცა ზადიშვილი პარამოფარიკავეა, რომელმაც კარიერაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობაში.
2023 წელს ეტლით ფარიკაობაში ტერნის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. იმავე წელს კი პიზაში, მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.
მისი წარმატებები მომდევნო წლებშიც გაგრძელდა: 2025 წელს სან პაულოს მსოფლიო თასზე რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო ტაილანდში პარაფარიკაობის მსოფლიო თასზე ოქროს მედალს დაეუფლა.
წარმატებული ასპარეზობა 2026 წელსაც გაგრძელდა — გვანცამ მერსინში გამართულ შეჯიბრებაზე ხმლით ფარიკაობაში ოქრო მოიპოვა და პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებთან ერთად გუნდურ ასპარეზობაში პიზას მსოფლიო თასის გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდა.
თუმცა გვანცას სპორტული გზა მხოლოდ ეს ჩამონათვალი როდია. თითოეული მედლის უკან რეგულარული ვარჯიში, დისციპლინა, გამოწვევები და მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვაა.
მის ყოველ გამარჯვებას ახალი შეჯიბრება და ახალი მიზანი მოყვება. ამიტომ ეს პარტნიორობა მხოლოდ მიღწეულის აღიარება კი არა, ახალი წარმატებების გზაზე თანამშრომლობაა.
საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, ამ კამპანიით გამოწვევას უგზავნის ქართული ბიზნესს, რომ პარასპორტსმენებთან თანამშრომლობა დაიწყონ. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი სივრცე თავისუფალია და ისმის კითხვა: “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”.
ბრენდთან პარტნიორობა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ ნიშნავს. როდესაც პარასპორტსმენები ბრენდის პარტნიორები ხდებიან, მათი სახელები მხოლოდ ტურნირების დროს აღარ ისმის. კამპანიას შეუძლია გაზარდოს ხილვადობა და მათი სპორტული კარიერის შესახებ ინფორმაცია ახალ აუდიტორიამდეც მიიტანოს.
საქართველოს ბანკის ინიციატივაში მონაწილეობა თეგეტასთვის ამ შესაძლებლობებს უკავშირდება. სპორტის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ინკლუზიური გარემოს შექმნა და მიზანდასახული ადამიანების მხარდაჭერა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.
გვანცა ზადიშვილის ისტორია კარგად ასახავს თეგეტა მოტორსის მიმდინარე კამპანიის “გაიარე მეტი” იდეასაც. ის მიღწეულ შედეგებზე არ ჩერდება. “გაიარე მეტი” მხოლოდ ფიზიკური მანძილის დაფარვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს, გავლილი გზა გამოცდილებად აქციო და მოძრაობა გააგრძელო.
“განსაკუთრებით მიხარია, რომ საზოგადოება სპორტულ შედეგებთან ერთად, ჩემს ისტორიასაც გაიცნობს — იმ გზას, რომელიც მედლებამდე გავიარე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ არა მხოლოდ გამარჯვების მომენტი, არამედ ის შრომა, სირთულეები და ბრძოლაც, რომელიც თითოეული წარმატების უკან დგას. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ამ ყველაფრის აღიარებაა”, — გვანცა ზადიშვილი.
გვანცა ზადიშვილი სპორტულ გზას თეგეტასთან ერთად აგრძელებს. მისი მხარდაჭერა კი Tegeta Care-ის პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.