25%-მდე ფასდაკლება პროდუქტებსა და სერვისზე - „თეგეტა მოტორსი“ ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნვის ახალ პროგრამას იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში „თეგეტა ჰოლდინგში“ უმუშავიათ, შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური პირობებით ისარგებლონ. ახალი შეთავაზება ყოფილი თანამშრომლებისთვის იმავე ტიპის ბენეფიტებს მოიცავს, რომლებითაც ამჟამად მოქმედი თანამშრომლები სარგებლობენ.
პროგრამა ავტოსერვისსა და ავტოპროდუქტებზე გავრცელდება, მათ შორის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და ავტომობილის მოვლის საშუალებებზე. ყოფილი თანამშრომლები პროდუქტებსა და სერვისზე 20-დან 25 %-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება იმოქმედებს ერთიანად ან ეტაპობრივად განხორციელებულ, ჯამში, 2 500 ლარამდე ღირებულების შენაძენზე. აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ 4 000 ლარამდე დანახარჯზე ფასდაკლება 10%-მდე შემცირდება. 4 000 ლარის შემდეგ კი მომხმარებლები სტანდარტული პირობებით ისარგებლებენ.
ინიციატივა მხოლოდ კომერციული შეთავაზება არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადამიანებზე ზრუნვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაა.
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თანამშრომლებზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს პროგრამაც თანამშრომლებისთვის მხარდაჭერის მიზნით შევქმენით. უკვე მრავალი წელია, „თეგეტა მოტორსში“ მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებად მიიჩნევა. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები პროფესიულად იზრდებიან და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.
4 000 ლარი, დღევანდელი ფასებით, საშუალო სტატისტიკურად, ერთი ავტომობილის წლიური მოვლის სრულ ხარჯს უტოლდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების ფინანსურად ხელსაყრელ პირობებში მოვლის შესაძლებლობას იღებენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში აქ უმუშავიათ, კვლავ იგრძნონ, რომ კომპანია მათ აფასებს, მათი შრომა ახსოვს და თითოეული მათგანი მისთვის კვლავაც ღირებულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს შეთავაზება - მათდამი მადლიერებისა და ზრუნვის ნიშნად, რათა მათ კომპანიასთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, თეგეტელობის განცდა შეინარჩუნონ. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს კომპანიასა და ადამიანებს შორის“.
პროგრამაში ჩართვა სპეციალური ბაზის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც კომპანიის HR დეპარტამენტს აქვს მომზადებული და სადაც წლების განმავლობაში დასაქმებული თანამშრომლების მონაცემებია დაცული.
ამ ეტაპზე შეთავაზება მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ადგილზე მისვლისას იმოქმედებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივა, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
