5 რამ, რაც აკუმულატორზე უნდა იცოდეთ

17 ივლისი, 2026
5 რამ, რაც აკუმულატორზე უნდა იცოდეთ
3 წუთი წასაკითხად

ავტომობილს რამდენიმე ძირითადი ნაწილი აქვს, რომლებსაც როგორც დამწყებმა, ისე გამოცდილმა მძღოლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ერთ-ერთი ასეთი აკუმულატორია.

დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რა ფუნქციები აქვს მას, როგორ უნდა შევარჩიოთ და მოვუფრთხილდეთ ისე, რომ რესურსი ეფექტიანად გამოვიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ზაფხულის ცხელი დღეების გამო აკუმულატორზე ტემპერატურული ზემოქმედება კიდევ უფრო იზრდება.

რა ფუნქციები აქვს აკუმულატორს

პირველი შეცდომა იმის ფიქრია, რომ აკუმულატორი მხოლოდ ძრავის გაშვებას უზრუნველყოფს. ის ენერგიას ინახავს და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სისტემას აწვდის, მაშინაც კი, როცა ძრავა გამორთულია.

აგრეთვე, ეხმარება გენერატორს მაღალი დატვირთვის დროს და უზრუნველყოფს ძაბვის სტაბილურობას.

რა გავლენას ახდენს ტემპერატურა აკუმულატორზე

სიცხე და ყინვა აკუმულატორის მტერია. მაღალი ტემპერატურა ცვეთას აჩქარებს - ძრავის განყოფილებაში დაგროვებული სითბო იწვევს ელექტროლიტიდან წყლის აორთქლებას, ფირფიტების კოროზიასა და თვითგანმუხტვის აჩქარებას.

ზაფხულში მიღებული დაზიანებები ხშირად ზამთარში ვლინდება, როცა ყინვისას აკუმულატორი არ იქოქება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში:

  • აკონტროლოთ სითბოს ზემოქმედება და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დიდხანს არ დატოვოთ ავტომობილი პირდაპირ მზეზე

  • გამორთული ძრავის დროს არ დატოვოთ ჩართული ელექტრომომხმარებლები, - განათება, აუდიო, დამტენები, - რადგან ამ დროს მათ მხოლოდ აკუმულატორი კვებავს

  • პერიოდულად შეამოწმოთ აკუმულატორის მდგომარეობა, დამუხტვის სისტემა და კონტაქტები


რამდენ ხანს ძლებს აკუმულატორი

როდემდე იმუშავებს აკუმულატორი, დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე, კლიმატსა და გამოყენების პირობებზე. ნორმალური დატვირთვის პირობებში ის საშუალოდ 3-5 წელი ფუნქციონირებს, ცხელ კლიმატში კი - ჩვენი ზაფხულის მსგავს პირობებში - რეალური რესურსი ხშირად 2-4 წელია. თუ აკუმულატორი უკვე 3 წელზე მეტია გაქვთ, რეკომენდებულია მისი პერიოდული ტესტირება.

blog image

როგორ ამოვიცნოთ დაზიანება

თუ აკუმულატორს პრობლემები აქვს, ის გაძლევთ ნიშნებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: დაქოქვის შენელება, განათების შესუსტება ან ელექტროსისტემების არასტაბილური მუშაობა.

გაითვალისწინეთ, რომ პანელზე აკუმულატორის ფორმის ინდიკატორი დამუხტვის სისტემის - გენერატორის, ღვედის ან ძაბვის რეგულატორის გაუმართაობაზე მიუთითებს და არა აკუმულატორის ცვეთაზე. მოძველებული აკუმულატორი ხშირად საერთოდ არ ანთებს გამაფრთხილებელ ნიშანს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებზე დაკვირვება და პერიოდული ტესტირება.

როგორ შევარჩიოთ ახალი აკუმულატორი

ახალი აკუმულატორი უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის მოთხოვნებს. შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ზომა, ტევადობა (Ah), სასტარტო დენი და სწორი ტექნოლოგია.

სასტარტო დენთან დაკავშირებით მიაქციეთ ყურადღება, რომელი სტანდარტით არის ის მითითებული: ევროპულ ბაზარზე ეს EN-ია, ამერიკულზე - CCA (SAE). ერთი და იმავე აკუმულატორის EN და CCA მაჩვენებლები განსხვავებული რიცხვებია და ერთმანეთთან პირდაპირ შედარებას არ ექვემდებარება.

მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ ტევადობასაც - ის მწარმოებლის რეკომენდებული ან ოდნავ უფრო მაღალი Ah უნდა იყოს. საგრძნობლად დაბალი არ უნდა იყოს, მაგრამ არც მნიშვნელოვნად მაღალი - თანამედროვე დამუხტვის სისტემა კონკრეტულ ტევადობაზეა გათვლილი და ზედმეტად დიდი აკუმულატორი შეიძლება ბოლომდე ვერ დაიმუხტოს.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, არსებობს Flooded Lead-Acid (ტრადიციული აკუმულატორი), EFB (უფრო გამძლე ვერსია, გათვლილი მარტივ Start-Stop სისტემებზე, რეკუპერაციული დამუხტვის გარეშე) და AGM (ყველაზე გამძლე, საჭიროა Start-Stop სისტემებისთვის რეკუპერაციით და მაღალი ელექტრული დატვირთვისთვის). წესი მარტივია: უფრო მაღალ ტექნოლოგიაზე გადასვლა დასაშვებია - მაგალითად, EFB-დან AGM-ზე, ქვემოთ გადასვლა კი - არა. თუ ავტომობილი ქარხნულად AGM-ით არის აღჭურვილი, EFB-ზე ან ჩვეულებრივ აკუმულატორზე გადასვლა რეკომენდებული არ არის.

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი ხარისხია. ხშირად არჩევანის გაკეთებისას დაბალბიუჯეტიან ნაწილებს ვირჩევთ თანხის დაზოგვის მიზნით, თუმცა ეს ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის.

პრემიუმ აკუმულატორი უკეთესი მასალებით არის დამზადებული, წარმოების უფრო მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და საიმედო მუშაობას უზრუნველყოფს. ეს კი ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადას, ექსტრემალურ პირობებში უკეთეს მუშაობას, ნაკლები გაუმართაობის რისკსა და მეტ გამძლეობას ნიშნავს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ფინანსებს დაგაზოგვინებთ.