შემოდგომა გარდამავალი სეზონია, როცა თქვენ ცხელი ამინდების შემდეგ ტემპერატურის ცვლილებას, ნალექსა და ტენიანობას უნდა შეეგუოთ; ტრანსფორმაციასთან შეგუება სჭირდება ავტომობილის დეტალებსაც.
ასეთ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ე.წ. Red Flag-ებს, ანუ „წითელ ნიშნულებს“, რომლებიც მიგახვედრებთ, რა პრობლემა აქვს ავტომობილს და რატომ არის სეზონური დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი.
ნიშნები, რომლებიც შემოდგომაზე უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
თუ ავტომობილი რთულად იქოქება — აკუმულატორზე როგორც დაბალი, ისე მაღალი ტემპერატურა ნეგატიურ გავლენას ახდენს და რესურსის შემცირებას უწყობს ხელს.
საბურავების წნევის ხშირი ვარდნა — ტემპერატურის ცვლილება საბურავის წნევაზე გავლენას ახდენს, ამიტომ სეზონის ცვლილებისას, მისი დარეგულირება მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ წნევა სტანდარტულზე ხშირად ეცემა, შესაძლოა, საბურავი იყოს დაზიანებული.
სამუხრუჭე სისტემის უცნაური ხმები — ჭრიალის ხმა იმის ნიშანიც შეიძლება იყოს, რომ მუხრუჭები და ხუნდებია დაზიანებული.

დაორთქვლა და უსიამოვნო სუნი — თუ გათბობის სისტემა საკმარისად კარგად ვერ მუშაობს, ან მინები მარტივად იორთქლება, შესაძლოა, ჰაერის ფილტრი იყოს დაბინძურებული. თუ უცნაურ სუნს გრძნობთ, სავარაუდოდ, ეს იმის ნიშანია, რომ სხვა ფილტრებიც გასაწმენდია ან ანტიბაქტერიული დამუშავება სჭირდება.
ზეთის ან სითხეების გაჟონვა — ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ავტომობილის ძრავა და სავალი ნაწილი დაათვალიერეთ და შეამოწმეთ, ზეთი ხომ არ ჟონავს. ამასთანავე, სასურველია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თადარიგი დაიჭიროთ და ანტიფრიზის დონეც შეამოწმოთ. არც ტრანსმისიისა და სამუხრუჭე სითხეები დაგავიწყდეთ.

კიდევ რა დაგეხმარებათ პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის
უკვე განვიხილეთ 5 ყველაზე საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ავტომობილს ტექნიკური პრობლემა აქვს და შემოდგომაზე სერვისცენტრში უნდა მიიყვანოთ. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტომობილის მართვისას ყურადღებით იყოთ. მაგალითად, თუ საჭეზე ვიბრაციას გრძნობთ, დამუხრუჭებისას მანქანა იხრება ან აჩქარებისას წინაღობის შეგრძნება გაქვთ, შეიძლება, მიზეზი საბურავების ცუდი ბალანსი, მუხრუჭების არათანაბარი მუშაობა ან გადაცემათა კოლოფის პრობლემა იყოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დეტალმა შეიძლება კონკრეტულ პრობლემაზე მიგანიშნოთ და შესაბამისი რეაგირებაც არის საჭირო.
დაბოლოს, არც ავტომობილის ინსტრუმენტების პანელი დაივიწყოთ, სადაც ხშირად ჩნდება გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც კონკრეტულ პრობლემაზე მიუთითებს. თქვენი აღქმა და ყურადღება დაგეხმარებათ პრობლემის აღმოჩენაში, ხოლო დიაგნოსტირება და გამოსწორება შეგიძლიათ, პროფესიონალებს მიანდოთ.