ხანგრძლივი მგზავრობისას თქვენი უსაფრთხოება და კომფორტი გარანტირებული რომ იყოს, გამგზავრებამდე ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება აუცილებელია.
ამ ბლოგში გთავაზობთ 10 საჭირო პროცედურას, რომლებიც მანამდე უნდა გაიაროთ, სანამ ჩემოდნებს ჩაალაგებთ და საზაფხულო მოგზაურობისთვის მოემზადებით. ეს დაგეხმარებათ, გზაზე გაუთვალისწინებელი პრობლემები თავიდან აიცილოთ.
სამუხრუჭე ხუნდები
შორ გზაზე მგზავრობისას სამუხრუჭე სისტემაზე დატვირთვა უფრო მაღალია. თუ ხუნდები გაცვეთილია, შეიძლება გაიზარდოს დამუხრუჭების მანძილი, გაუარესდეს ეფექტურობა და დაზიანდეს დისკები.

საბურავები
გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ზაფხულში ზამთრის საბურავებით არ იაროთ, პროტექტორის სისქისა და წნევის შემოწმებაც არ უნდა დაგავიწყდეთ.
გასათვალისწინებელია, თან იქონიოთ სათადარიგო საბურავი და არც მისი წნევის შემოწმება გამოტოვოთ.
აკუმულატორი
აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვებაზე და კვებავს ელექტროსისტემას მაშინ, როცა ძრავა გამორთულია. თუ ის დასუსტებულია, შესაძლოა, გაჩერების შემდეგ დაქოქვა გაგიჭირდეთ ან ელექტრონული სისტემების მუშაობა შეფერხდეს.
სავალი ნაწილი
სავალი ნაწილის გაუმართაობამ შეიძლება საჭის მართვა და მანევრირება გაართულოს, საბურავების ცვეთა დააჩქაროს და საწვავის ხარჯი გაზარდოს. ამიტომ მისი შემოწმება გამგზავრებამდე აუცილებელია.

ზეთები და სითხეები
ზეთი ძრავის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. თუ მისი დონე დაბალია ან ხარისხი გაუარესებულია, იზრდება ძრავის გადახურების რისკი. ასევე მცირდება ეფექტურობა და იმატებს საწვავის ხარჯი.
მნიშვნელოვანია, წასვლამდე შეამოწმოთ სამუხრუჭე სითხის ხარისხი და დონეც, რომ დამუხრუჭებისას პრობლემა არ შეგექმნათ.
ფილტრები
თუ ზეთის, ჰაერისა და სალონის ფილტრები დაბინძურებულია, ეს გავლენას მოახდენს როგორც ავტომობილის შიდა ნაწილზე, ისე სალონზე. სალონის ფილტრი კი ცუდი სუნისა და ალერგენებისგან გიცავთ.

გაგრილების სისტემა
ზაფხულის სიცხეების მხედველობაში მიღებით, გზაში ავტომობილის გადახურება ან უკონდიციონეროდ ყოფნა ნამდვილად არ გენდომებათ, ამიტომ წასვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ ანტიფრიზისა და კონდიციონერის
განათებები
ზაფხულში მაგისტრალებზე საცობების გათვალისწინებით შესაძლოა, თქვენი გეგმები აირიოს და გზად დაგიღამდეთ, ან უბრალოდ საღამოობით სადმე გასვლა მოგინდეთ, ამიტომ ფარები შემოწმებული და დარეგულირებული უნდა გქონდეთ.
საქარე მინა
თქვენს ხილვადობას რომ დაბრკოლება არ შეექმნას, საქარე მინა სუფთა უნდა გქონდეთ, მინის საწმენდი გამართულად უნდა მუშაობდეს და სითხით სავსე იყოს.
პირველადი დახმარების კიტი და ხელსაწყოები
თუ გზაში მოულოდნელად თქვენ ან თქვენი მგზავრი შეუძლოდ გახდებით, ან საბურავის შეცვლა დაგჭირდებათ, ნამდვილად გაგიხარდებათ, თუ საბარგულში საჭირო ნივთებს იპოვით, ისეთებს, როგორებიცაა დომკრატი, ქანჩი, ფანარი, ასევე ბინტი, ანტისეპტიკი და წყალი.
ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაცია - პირველადი დახმარების ნაკრები და საჭირო ხელსაწყოები ყოველთვის უნდა გქონდეთ ავტომობილში.